logo_geo
eng_logo
ჩილეს პარლამენტის ქვედა პალატამ ქვეყნის პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა
- +

9 ნოემბერი. 2021. 18:29

 

 

 

ჩილეს პარლამენტის ქვედა პალატამ ქვეყნის პრეზიდენტის, სებასტიან პინიერას იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. ინფორმნაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

 

პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი დეპუტატთა პალატის 78-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო 67 - წინააღმდეგ წავიდა. საკანონმდებლო პროცედურის თანახმად, შემდეგ ეტაპზე ქვეყნის პრეზიდენტის იმპიჩმენტს კენჭს ჩილეს სენატმა უნდა უყაროს.

 

ქვეყნის მეთაურის თანამდებობიდან გადასაყენებლად იმპიჩმენტს მხარი სენატის წევრთა 2/3-მა (29 სენატორი) უნდა დაუჭიროს, თუმცა ოპოზიცია სამთავრობო ალიანსში შემავალი სენატორების მხარდაჭერის გარეშე იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმებს ვერ აგროვებს.

 

ჩილეს პრეზიდენტს, სებასტიან პინიერას ბრალს კორუფციაში სდებენ, „პანდორას დოკუმენტების“ საფუძველზე. 4 ოქტომბერს, გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმმა (ICIJ) 35 მოქმედი და ყოფილი მსოფლიო ლიდერის ოფშორულ ანგარიშებთან კავშირების შესახებ დოკუმენტები გამოაქვეყნა („პანდორას დოკუმენტები“). გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმის მიერ გავრცელებული მასალები მსოფლიოს 91 ქვეყანაში 330-ზე მეტი პოლიტიკოსის ფინანსური ოპერაციების შესახებ ინფორმაციას მოიცავს.

 

აღნიშნული მასალებიდან ირკვევა, რომ 2010 წლის დეკემბერში, სებასტიან პინიერას პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს, მისმა ოჯახმა „დომინგას“ მაღაროში თავისი წილი 152 მილიონ დოლარად გაასხვისა. ტრანზაქციის ნაწილი ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე გატარდა. გადახდა სამ ეტაპად იყო დაყოფილი და ბოლო ეტაპის გადახდა იმაზე იყო დამოკიდებული, გამოაცხადებდა თუ არა მთავრობა ნაკრძალად იმ ზონას, სადაც მაღარო მდებარეობს. თავად სებასტიან პინიერა აცხადებს, რომ ტრანზაქციის გარემოებები სასამართლომ შეისწავლა და დანაშაულის შემადგენლობა ვერ აღმოაჩინა.

 

სებასტიან პინიერას საპრეზიდენტო უფლებამოსილება 2022 წლის 11 მარტს ეწურება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner