საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ზაზა თავაძე აცხადებს, რომ მოსამართლეების მიმართ შესაძლო ზეწოლის შესახებ ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადების შემდეგ შეიტყო.
როგორც თავაძემ „კვირასთან" საუბრისას განაცხადა, აღნიშნულ განცხადებამდე, ინფორმაცია, რომ რიგი მოსამართლეების ან კონკრეტული მოსამართლის მიმართ ზეწოლა ხორციელდებოდა, მას არ ჰქონია.
ზაზა თავაძე ერთ-ერთია იმ ხუთი მოსამართლიდან, რომლებმაც პაპუაშვილს სპეციალური განცხადებით მიმართეს. აღნიშნული მოსამართლეები აცხადებენ, რომ დაუშვებელია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს დღის წესრიგის ერთპიროვნულად, სასამართლოს სხვა წევრების აზრის გათვალისწინების გარეშე, იმგვარად განსაზღვრა, რომ მოხდეს გარკვეული საქმეების გადაწყვეტის ფორსირება, განსაკუთრებით იმ საქმეებზე, რომლებიც არის პოლიტიკური კონტექსტის შემცველი.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მიიჩნევს, რომ საქმეების განხილვის პროცესი მაქსიმალურად მიახლოებული უნდა იყოს რიგითობის პრინციპთან, რათა გამოირიცხოს დამატებითი კითხვის ნიშნები.
როგორც ზაზა თავაძე აცხადებს, საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა, შესაძლოა, საზოგადოებაში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით კითხვები გააჩინოს. ზაზა თავაძის თქმით, მისთვის უცნობია, რომელი მოსამართლის ან მოსამართლეების მიმართ განხორიციელებულ ზეწოლაზე საუბრობდა პაპუაშვილი. იგი მიიჩნევს, რომ თუ ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი, მოსამართლეებმა გამოძიებასთან უნდა ითანამშრომლონ.
„ჩემთვის მოულოდნელი იყო გიორგი პაპუაშვილი განცხადება და მოსამართლეების მიმართ ზეწოლის თაობაზე ინფორმაცია მეც მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადების შემდეგ გავიგე. რა პროცესებიც მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ, რა თქმა უნდა, არ არის სახარბიელო. მოქალაქეები რომ მსგავს ინფორმაციას ისმენენ, რომ შესაძლოა მოსამართლე ზეწოლით მოქმედებდეს, რა თქმა უნდა, გამოტანილი ვერდიქტის ლეგიტიმურობის მიმართ კითხვები ჩნდება. ამიტომ აუცილებელია შესაბამისი გამოძიების ჩატარება.
მე არ ვიცი, რომელ მოსამრთლეებზეა საუბარი, მაგრამ თუ მათ მიმართ მართლა ჰქონდა ასეთ ფაქტებს ადგილი, უნდა მივიდნენ პროკურატურაში, რათა რეალურად გავიგოთ, რასთან გვაქვს საქმე. სანამ კითხვის ნიშნები არ მოიხსნება, ჩვენი გადაწყვეტილებების ეფექტურობასაც ექმნება საფრთხე. ჩვენ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს და მოვითხოვეთ, რომ საქმეების განხილვის პროცესი მაქსიმალურად მიახლოებული იყოს რიგითობის პრინციპთან, რათა გამოირიცხოს დამატებითი კითხვის ნიშნები და ეჭვები. არ მოხდეს რიგითობის პრინციპის დარღვევა, ისეთი საკითხების განხილვის დაჩქარების სასარგებლოდ, რომლებიც სენსიტიურია და რომლებიც არის პოლიტიკური კონტექსტის შემცველი. ამის საშუალებას კანონმდებლობა გვაძლევს, რომ გადაწყვეტილება მივიღოთ კანონით დადგენილ დროში, რომელიც კოლეგიის შემთხვევაში არის 9 თვე, პლენუმის შემთხვევაში კი - 6 თვე.
ზოგადად, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს აქვს მაღალი იმუნიტეტი, რაც მას აძლევს იმის საშუალებას, რომ დაცულად გრძნობდეს თავს. შესაძლო ზეწოლის შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს შესწავლილი და შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს მას. გამოძიება უნდა მივიდეს ბოლომდე. მეც ვიყავი აღნიშნულ თემაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურაში გამოკითხვაზე. იმედი მაქვს, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა", - განაცხადა ზაზა თავაძემ.