logo_geo
eng_logo
საქართველოს ტერიტორიულ წყლებში საზღვაო ვიზიტით მყოფ აშშ-ის ხომალდ „Mount Whitney”-ზე ოფიციალური მიღება გაიმართა
- +

9 ნოემბერი. 2021. 22:57

 

 

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ვიზიტით მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების მეექვსე ფლოტის სამეთაურო ხომალდზე – „USS Mount Whitney“ (LCC 20) ოფიციალური მიღება გაიმართა.

 

ბათუმში აღნიშნულ ხომალდზე გამართულ მიღებას საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ მაიორი ნიკოლოზ შარაძე დაესწრო. სტუმრებს მეექვსე ფლოტის უფროსმა, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურის მოადგილემ – ვიცე-ადმირალმა ეუჯინ ბლექმა, ხომალდ „Mount Whitney“-ის მეთაურმა – დანიელ პროჩაზკამ და აშშ-ის ელჩმა საქართველოში – კელი დეგნანმა უმასპინძლეს.

 

ხომალდზე გამართულ ოფიციალურ მიღებას ასევე ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრი – ჯუანშერ ბურჭულაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე – ირაკლი ბერაია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე – თორნიკე რიჟვაძე და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, პირველი რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე.

 

გემის ეკიპაჟმა სტუმრებისთვის საინფორმაციო ტური გამართა, რომელზეც ხომალდის მეთაურისგან „Mount Whitney“-ის ამოცანების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მოისმინეს.

 

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ამერიკის შეერთებული შტატების მეექვსე ფლოტის სამეთაურო ხომალდი – USS Mount Whitney (LCC 20) და საზღვაო ხომალდი – USS Porter (DDG 78) 8 ნოემბერს შემოვიდნენ.

 

ვიზიტი ხაზს უსვამს მნიშვნელოვან ურთიერთობას ნატოს მოკავშირეებსა და შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელოვან პარტნიორს – საქართველოს შორის, ასევე, ადასტურებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის წარმატებულ თანამშრომლობას და მიზნად ისახავს საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერებას, აშშ-ის რეგიონული პარტნიორების სტაბილურობის უზრუნველყოფას, მზადყოფნისა და საზღვაო შესაძლებლობების გაზრდას.

 

ხომალდები – USS Mount Whitney და USS Porter საზღვაო ოპერაციებს ამერიკის მეექვსე ფლოტის სამოქმედო არეალში ახორციელებენ. მეექვსე ფლოტი, რომელიც ბაზირებულია ნეაპოლში, ერთობლივი და საზღვაო ოპერაციების სრულ სპექტრს ახორციელებს. ოპერაციები ტარდება მოკავშირეებსა და პარტნიორებთან კოორდინირებულად, რათა ხელი შეუწყონ ევროპასა და აფრიკაში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner