სამხედრო საზღვაო ხომალდ „მაუნთ უიტნიზე“ ოფიციალური მიღება დასრულდა. მას საქართველოს მთავრობის მეთაური, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ. ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირებს შეერთებული შტატების ელჩმა და ევროპაში ამერიკის მეექვსე ფლოტის ვიცე-ადმირალმა უმასპინძლეს.
შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ამერიკული ხომალდების ვიზიტი ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის ნათელი მაგალითი და საქართველოს უსაფრთხოების მიმართ შეერთებული შტატების ერთგულების დემონსტრირებაა.
ბათუმის ნავსადგურში ამერიკის საზღვაო ხომალდები „მაუნთ უიტნი“ და „პორტერი“ გუშინ შევიდნენ. აღსანიშნავია, რომ „მაუნთ უიტნი“ ჩვენს ქვეყანას აქამდე ხუთჯერ ეწვია, მათ შორის, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ომის დროს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით.
საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის თქმით, საქართველოში ამერიკული გემების ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
„საქართველოში ამერიკული გემების ვიზიტი ნათელი მაგალითია უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ორ ქვეყანას შორის ძლიერი თანამშრომლობის. ეს არა მხოლოდ აუმჯობესებს სხვადასხვა ძალის ურთიერთ თავსებადობას, არამედ კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. გემები საშუალებას იძლევა ინტეგრირებული ძალების გადამისამართების ნებისმიერი მიმართულებით. მადლობა, მინდა გადავუხადო აჭარის რეგიონს იმ სტუმართმოყვარეობისთვის, რომელიც ჩამოსული მეზღვაურების მიმართ გამოიჩინეს“, - განაცხადა კელი დეგნანმა.