„ეს ვიზიტი წარმოადგენს რეგიონული უსაფრთხოების სტრატეგიის ნაწილს, რაც მიზნად ისახავს რუსული საფრთხეების შეკავებას, შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებას, მასში საქართველოს როლის, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის გაზრდას“, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ ამერიკის შეერთებული შტატების საფლაგმანო გემის ბათუმის საპორტო ვიზიტის შეფასებისას.
ირაკლი ბერაიას განცხადებით, აღნიშნული ვიზიტი ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცეს კიდევ ერთხელ ადასტურებს და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება და რუსული საფრთხეების შეკავება რეგიონში აშშ-ის ლიდერობის, გაზრდილი ჩართულობის და საქართველოს აქტიური როლის გარეშე შეუძლებელია.
ირაკლი ბერაია :„ამერიკული და ნატო-ს სამხედრო ხომალდების ვიზიტები და ხილვადობა შავ ზღვაზე, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში და ქართულ პორტებში მიზნად ისახავს შავი ზღვის რეგიონის და მთლიანად ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების განმტკიცებას. გამოხატავს ნატო-ს და მისი მოკავშირეების ყურადღების კონცენტრაციას რეგიონზე, ხაზგასმით ადასტურებს რეგიონულ უსაფრთხოებაში საქართველოს განსაკუთრებულ როლს და ჩვენი ქვეყნის მიმართ პარნტიორების განსაკუთრებულ ნდობას და დამოკიდებულებას. „USS Mount Whitney“-ს ვიზიტი ჩვენთვის გამორჩეულად ემოციურია, რადგანაც აღნიშნული ხომალდი 2008 წლის 5 სექტემბერს, რუსეთ–საქართველოს ომიდან რამდენიმე კვირაში, ესტუმრა ფოთის პორტს და ჰუმანიტარული ტვირთი ჩამოიტანა მაშინ, როდესაც რუსულ საოკუპაციო ძალებს ჯერ კიდევ ეკავათ ორი ბლოკპოსტი ფოთის მისადგომებთან.
საქართველოში მიმდინარე წელს არაერთხელ იმყოფებოდნენ აშშ-ის და ალიანსის სამხედრო ხომალდები, საქართველო მასპინლობდა მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებს. ჩვენს ქვეყანას სტუმრობდა ნატო-ს სამხედრო კომიტეტი, აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ჩვენს მთავარ სტრატეგიული პარტნიორთან ხელი მოვაწერეთ საქართველოს თავდაცვის და შეკავების გაძლიერების შესახებ ახალ შეთანხმებას. ეს ყელაფერი ადასტურებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და ღირებულია საქართველო ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებისთვის და ბოლო წლებში როგორ გარდაიქმნა ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოების მომხმარებლიდან უსაფრთხოების უზრუნველმყოფ და გარანტორ ქვეყნად. ჩვენ განსაკუთრებულ მნიშნვლობას ვანიჭებთ აშშ-ის ჩართულობას რეგიონში და მიგვაჩნია, რომ ფართო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება და რუსული საფრთხეების შეკავება შეუძლებელია რეგიონში აშშ-ის ლიდერობის, გაზრდილი ჩართულობის და საქართველოს აქტიური როლის გარეშე“.
საფლაგმანო გემის საპორტო ვიზიტის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები დაესწრნენ.