„განცხადება, რომელიც არ არის შეთანხმებული პლენუმის წევრებთან და რომელიც შეეხება საჯარო ბრალდებას, გარკვეული პოლიტიკური ელემენტების მატარებელია", - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავამ მთავარ პროკურატურაში შესვლამდე განაცხადა. მერაბ ტურავა ამბობს, რომ პლენუმში მონაწილეობაზე კოლეგებთან ერთად დაფიქრდება.
„მთელი საკონსტიტუციო სასამართლო დღეს არის ეჭვმიტანილი, რომ ის იმყოფება ზეგავლენის ქვეშ, რომ ის ვერ მიიღებს ობიექტურ და მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას.
ასეთ ვითარებაში, სანამ არ დადგინდება, რომელი მოსამართლის მიმართ და ვის მიერ ხდებოდა ზეწოლა, ასევე რა ფორმების მატარებელი იყო ზეწოლა, ამ საკითხების გარკვევის გარეშე, მე ვფიქრობ, ნებისმიერი ჩვენი გადაწყვეტილება ფარატინა ქაღალდი იქნება.
ის საზოგადოების მიერ არ იქნება აღქმული როგორც სამართლიანი, ობიექტური, მიუკერძოებელი", -აღნიშნა მერაბ ტურავამ.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავა საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება.