„ადგილებში, სადაც აქციის მონაწილეები გასცდნენ მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებს და იქ, სადაც მოახდინეს სახელმწიფო დაწესებულებების შესასვლელების ბლოკირება, პოლიციამ მიიღო კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები“, - ამის შესახებ ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო დაწესებულების შესასვლელის ბლოკირება აკრძალულია.
„როგორც მოგეხსენებათ, შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ საქართველოს კანონით, აკრძალულია სახელმწიფო დაწესებულების შესასვლელის ბლოკირება. მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, რომ ეს არის კანონის დარღვევა, ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს სახელმწიფო უსაფრთხოების შენობასთან არსებულ ვითარებაზე. მოვუწოდეთ, რომ გადასულიყვნენ და არ გაეგრძელებინათ კანონის დარღვევა. ამ დროისათვის დაკავებულია 46 პირი ადმინისტრაციულად, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისათვის. ასევე, პოლიციისადმი შეურაცხყოფის მიყენებისთვის და წვრილმანი ხულიგნობისათვის“, - განაცხადა სირაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან და სუს-ის შენობასთან აქციებს მართავენ. პოლიციამ ადმინისტრაციული შენობების შესასვლელების ბლოკირების გამო ადმინისტრაციული წესით 46 პირი დააკავა.