მსოფლიოს მოწინავე ანალიტიკურმა ცენტრმა, შვეიცარიულმა ორგანიზაცია Global Risk Profile (GRP) „გლობალური კორუფციის ინდექსი 2021“ გამოაქვეყნა. ნიშანდობლივია, რომ რეიტინგში საქართველო 9 ადგილით დაწინაურდა, მსოფლიოს 196 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის საუკეთესო 25%-ში მოხვდა, მსოფლიოში 41-ე ადგილზე დასახელდა, მსოფლიო ბანკის წევრ ქვეყნებს შორის კი 40 საუკეთესოში 38-ე პოზიციაზე გავიდა.
ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ, თავის ფეისბუკ გვერდზე აღნიშნული საკითხის კომენტირებისას, განაცხადა, რომ კორუფციისაგან თავისუფლებით საქართველომ გაუსწრო ევროკავშირის და ნატოს წევრ 9 სახელმწიფოს, გარდა ამისა, საქართველო რეიტინგში უსწრებს ყველა მეზობელ ქვეყანას და შავიზღვისპირეთის ყველა სახელმწიფოს, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნებს ჩამორჩება.
„ქვეყნების დემოკრატიულობის დონის და მთავრობების საქმიანობის ეფექტურობის შესაფასებლად ერთ ერთი წამყვანი ინდიკატორად სწორედ კორუფციის ინდექსი ითვლება. ამასთან, არანაკლებად მნიშვნელოვანია ინდექსის დინამიკაც, ანუ იზრდება თუ მცირდება მისი მაჩვენებელი კორუფციის ინდექსი, ასევე არის თავისებური საინვესტიციო ბარომეტრიც, რომელიც ინვესტორებს ატყობინებს რამდენად თავისუფალია ბიზნესგარემო, როგორია საინვესტიციო რისკი და შესაბამისად, ღირებულია თუ არა ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელება,“ - აღნიშნა გიორგი ცუცქირიძემ.
აღსანიშნავია, რომ ინდექსი ეფუძნება მიზნობრივად შერჩეულ მონაცემთა 43 ნაკრებს, რომელსაც ექსკლუზიურად აწარმოებს 11 საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაცია, მათ შორის: The UN,The OECD , The FATF, The World Bank, Transparency International და The World Economic Forum (WEF). GCI-ის გამოსათვლელად განიხილება 6 ინდიკატორი, რომელთაგან 4 ორიენტირებულია კორუფციაზე და 2 - ფინანსურ დანაშაულზე, თავის მხრივ ინდიკატორები დაყოფილია მონაცემთა 4 ჯგუფად: მოქალაქის ხმა და გამჭვირვალობა; მთავრობის ფუნქციონირება და ეფექტურობა; სასამართლო კონტექსტი; პოლიტიკური კონტექსტი.
„როგორც ამ კვლევიდანაც ჩანს, საქართველოს აქვს სერიოზული პროგრესი ყველა იმ ძირითად კონტექსტში, იქნება ეს მთავრობის ფუნქციონირების ეფექტურობა, სასამართლო თუ პოლიტიკური კონტექსტი, რასაც ოპოზიცია მუდმივად აკრიტიკებს და ამითაც ჩანს ამ კრიტიკის წმინდა სუბიექტური ხასიათი,“ - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.