საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მცხეთაში „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
მოსახლეობასთან შეხვედრაზე ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე სიტყვით გამოვიდა. მან საზოგადოებას მიმართა და მცხეთის უმნიშვნელოვანეს როლზეც ისაუბრა საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებაში.
„ყველანი შევიკრიბეთ აქ, უძველეს მცხეთაში. უძველეს, მრავალ ჭირნახულ დედაქალაქში, ჩვენი ერის ყველაზე დიდი სიწმინდეების საცავში. მარადიული მცხეთა არის ნიშან სვეტი ჩვენი გენის, ჩვენი ერის, სახელმწიფოებრიობის და სწრაფვისა უკეთესობისაკენ.
გარდამტეხი და მნიშვნელოვანი პერიოდი გვიდგას ახლა. ჩვენი ხელით იქმნება საქართველოს მომავალი და ეს მომავალი უნდა იყოს ისეთი, რომელსაც ჩვენი წინაპრები შენატროდნენ.
ჩემთვის პირადად მცხეთა არის სიბრძნის, სულიერებისა და ჩვენი ქვეყნის მარადიულობის სიმბოლო. ჩვენ ვალდებულები ვართ ჩვენი წინა და მომავალი თაობების წინაშე ვიმუშაოთ მუხლჩაუხრელად, ვაშენოთ და გავალამაზოთ ჩვენი სამშობლო, საქართველო. საამისოდ საფუძველი უკვე ჩაყრილია. ჩვენ დავიწყეთ რამდენიმე წლის წინ შენება და განვითარება, ახლა კედლების აშენების დროა. პროცესი საინტერესოა, საპასუხიმგებლო და ვალდებულებებით დატვირთული."- განაცხადა კალაძემ.