logo_geo
eng_logo
მედიკამენტებზე გაწეული ხარჯი შეგიმცირდებათ! – ფარმაცევტული ბაზრის დარეგულირების მიზნით განხილვები იწყება
- +

10 ნოემბერი. 2021. 18:14

 

 

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ მთავრობის მეთაურთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ფარმაცავტული ბაზრის მონიტორინგის შუალედური ანგარიში განიხილა. პრემიერის განცხადებით, ფარმაცევტული ბაზრის დარეგულირების მიზნით აქტიური შეხვედრები დაიწყება, მათ შორის სექტორის მონაწილეებთან. ირაკლი ლექვინაძემ შეხვედრის დეტალებზე „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

 

მისი განმარტებით იმ რეკომენდაციებით, რომელიც კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერაა მომზადებული მოსახლეობას მედიკამენტებზე ხარჯი მნიშვნელოვნად შეუმცირდება.

 

- რა ღონისძიებების იგეგმება ფარმაცევტული ბაზრის დარეგულირების მიზნით?

 

- „ფარმაცავტული ბაზრის მონიტორინგის შუალედური ანგარიშით, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ წარმოადგინა 11 რეკომენდაცია. მოცემული რეკომენდაციები, ძირითად შემთხვევაში მოიცავს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს. შედეგად, ბაზრის დარეგულირება მოხდება საკანონმდებლო დონეზე, სააგენტო გამოთქვამს მზადყოფნას მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ პროცესში, მათ შორის დარგის ექსპერტებთან, დაინტერესებულ პირებთან, ბაზარზე მოქმედ კომპანიებთან, დარგის მარეგულირებელთან კონსულტაციების დონეზე“.

 

- რას გულისხმობს ფარმაცევტული ბაზრის შუალედურ ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციები და როგორ შეუმცირდებათ მოქალაქეებს მედიკამენტებზე გაწეული დანახარჯები?

 

- „შუალედური ანგარიშის ძირითადი მიგნება, რაც ზოგადად იწვევს ამ ბაზარზე მომხმარებლის მიერ მედიკამენტებზე გაწეული დანახარჯების ზრდას – არის ჩამნაცვლებელ პროდუქტებს შორის კონკურენციის ძალიან დაბალი ნიშნული. საკითხი ეხება გენერიკულ მედიკამენტებს, კონკრეტულად – ბაზარზე ხელმისაწვდომია იდენტური ან/და მსგავსი სამკურნალო ეფექტის მქონე არაერთი მედიკამენტი (ჩამნაცვლებელი პროდუქტები), თუმცა ექიმის მიერ რეცეპტისა და დანიშნულების დონეზე ხდება მედიკამენტის კონკრეტული სავაჭრო დასახელების და არა გენერიკის მითითება, რითაც იზღუდება კონკურენცია და მომხმარებელი, უმრავლეს შემთხვევაში, იძულებულია შეიძინოს ძვირად ღირებული მედიკამენტი, რაც, საბოლოო ჯამში, იწვევს მედიკამენტებზე გაწეული დანახარჯების მნიშვნელოვან ზრდას. მაგალითად, თუ ექიმის მიერ გამოწერილი მედიკამენტის ფასი კონკრეტული სავაჭრო დასახელებით არის 25 ლარი, იდენტური მედიკამენტი ბაზარზე შესაძლებელია ხელმისაწვდომი იყოს 10 ლარად ან უფრო ნაკლებ ფასად. შესაბამისად, სააგენტოს პოზიციით მნიშვნელოვანია არა ის თუ როგორ იცვლება მაღალი ფასის მქონე მედიკამენტების საცალო ფასი ბაზარზე, არამედ ის რომ მომხმარებელს არ ეძლევა შესაძლებლობა შეიძინოს 100-200%-ით და უფრო ნაკლები ფასის მქონე ანალოგი. ჩვენი მიზანია მომხმარებელს მივცეთ ეს შესაძლებლობა და ბაზარზე დავამკვიდროთ ჯანსაღი კონკურენტული გარემო. აღნიშნულის მიღწევის უმნიშვნელოვანეს გზას წარმოადგენს გენერიკული რეცეპტი, სადაც შეიზღუდება მედიკამენტების სავაჭრო დასახელების მითითება და დაიშვება მხოლოდ საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება, იგივე გენერიკი“.

 

ლექვინაძის თქმითვე, რა დროიდანაც ქვეყანაში მხოლოდ გენერიკული რეცეპტის სავალდებულო ხასიათი ამოქმედდება, მომხმარებელს მიეცემათ შესაძლებლობა, კონკრეტული სავაჭრო დასახელების მედიკამენტები ჩაანაცვლონ გენერიკით ან სხვა დაბალი ღირებულების მქონე მედიკამენტით და შედეგად შეამცირონ მედიკამენტებზე გაწეული დანახარჯები.

 

„მნიშვნელოვანია დავაკონკრეტოთ, რომ ფასების შემცირება, უპირველეს ყოვლისა გულისხმობს მედიკამენტებზე გაწეული დანახარჯების შემცირებას და არა რომელიმე კონკრეტული სავაჭრო დასახელების მედიკამენტზე ფასის შემცირებას. აღნიშნული მეტად მნიშვნელოვანია და იმ პერიოდიდან, რა დროიდანაც ქვეყანაში ამოქმედდება მხოლოდ გენერიკული რეცეპტის სავალდებულო ხასიათი, მომხმარებელს მიეცემა შესაძლებლობა, რომ მედიკამენტები რომელთა შეძენასაც მანამდე ახდენდა კონკრეტული სავაჭრო დასახელებით, ჩაანაცვლოს გენერიკით ან სხვა დაბალი ღირებულების მქონე მედიკამენტით და შედეგად შეამციროს მედიკამენტებზე გაწეული დანახარჯები – შესაბამისად, შედეგი მიღწევადია დროის მოკლე შუალედში. რაც შეეხება ზოგადად ფასების შემცირებას, გენერიკული რეცეპტი, მომხმარებლისთვის არჩევანის მიცემის გზით უზრუნველყოფს ჩამანაცვლებელ პროდუქტებს შორის მაღალი ხარისხის კონკურენტულ წნეხს, რაც უკვე საშუალო და გრძელ ვადიან პერიოდში შესაძლებელია გახდეს ფასების კონკურენციის შედეგად შემცირების მიზეზი – ამოსავალი წერტილი აქაც კონკურენციაა. შუალედურ ანგარიშში ასევე აღნიშნულია ფასების რეგულირების ევროპული გამოცდილების შესახებ, აღნიშნულის საჭიროება ქვეყანაში შესაძლებელია დადგეს გენერიკული მედიკამენტების დონეზე, მით უმეტეს საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად მათზე გაზრდილი მოთხოვნის პირობებში. ამასთან, საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, გენერიკების პოპულარიზაცია და ჩამნაცველებელ პროდუქტებს შორის კონკურენციის დონის მაქსიმალური უზრუნველყოფა წარმოადგენს მედიკამენტებზე გაწეული დანახარჯების შემცირების გაცილებით უფრო ეფექტიან გზას, ვიდრე ფასების რეგულირება, მით უმეტეს რომ ეს უკანასკნელი შეიცავს კონკრეტულ რისკებსაც. გამოსავალი კონკურენციაშია.

 

რაც შეეხება ჯგუფებს, რომლებსაც აღნიშნული შეეხება, ჩვენი დაკვირვებით ქვეყანაში დაშვებული მედიკამენტების უმრავლესობას გააჩნია არაერთი ჩამანაცვლებელი. შესაბამისად, აღნიშული შეეხება მედიკამენტების დიდ ნაწილს. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ქვეყანაში მსგავს სისტემას აქამდე არ უმოქმედია, შესაბამისად ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია მომხმარებლის ცნობიერების ამაღლება, აღნიშნული მიღწევადი კონკურეტული საინფორმაციო კამპანიებით. ამასთან, აუცილებელია რომ გენერიკულ და კონკრეტულ სავაჭრო დასახელებით ხელმისაწვდომ მედიკამენტებთან დაკავშირებით ამომწურავი და მარტივად აღქმადი ინფორმაცია, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების პარალელურად განთავსდეს საჯაროდ – დარგის მარეგულირებლის ვებგვერდზე“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner