„მცხეთაში, ნამდვილად სულ სხვა მუხტია - შეუძლებელია, როცა ამ მიწაზე დგახარ განსაკუთრებული სიმძაფრით არ იგრძნო, რამხელა ისტორიასა და ტრადიციებს ინახავს ეს ქალაქი, რამხელა კულტურისა და სულიერების, რამხელა ცივილიზაციის წარმომადგენელი ხარ". - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას მცხეთა-მთიანეთში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.
„ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" ქალაქ მცხეთაში წარმოადგენს დიმიტრი ხუნდაძე, დუშეთსა და სტეფანწმინდაში კი ზაქარია ქუცნაშვილი იქნება.
„აუცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ შეუძლებელია ამაყი არ იყო, როდესაც ჩვენმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხას კვლავ დაუბრუნდა მცხეთის უნიკალური ისტორიული ძეგლები. ყველას მინდა მოგილოცოთ ეს ამბავი"- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და მოსახლეობას მთავრობის მიერ 4 წლის განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია.
„მარტო მცხეთა-მთიანეთში არაერთი სერიოზული პროექტი განვახორციელეთ: რეაბილიტაცია ჩაუტარდა საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთს; აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა მრავალ სხვა გზასა და ხიდს, სასმელი წყლის სისტემებს, სანიაღვრე და ნაპირსამაგრ სისტემებს, წყალმომარაგებისა და სარწყავ სისტემებს; აშენდა და განახლდა საბავშვო ბაღები, სკოლები; გამრიცხველიანდა და 30 ათასზე მეტ ოჯახს სტაბილურად მიეწოდება ელექტროენერგია. „- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.