„დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია გიგი უგულავას განცხადებას გმობს. მისი თქმით, დღეს თითოეული პოლიტიკოსის სიტყვას ძალიან დიდი მნიშნველობა აქვს.
„გიგი უგულავას განცხადება კატასტროფა იყო. თუ არ ვცდები, მან ბოდიში მოიხადა. თუმცა მე ყველას, ყველას ვთხოვ და მოვუწოდებ, ჩემი კოლეგა იქნება, ოპოზიციონერი თუ ვინც არ უნდა იყოს, რომ დღეს ჩვენს ყველა სიტყვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.
უგულავას განცხადებას ვგმობ და არ ვეთანხმები. გამიხარდა, რომ ამაზე ბოდიში მოიხადა. ყველა უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. საერთოდ კომენტარიც კი არ მინდა იმაზე, რომ არ არსებობს საქართველოში ვინმეს ბავშვი და ოჯახის წევრი, რომელსაც რაიმე სახით რამე უნდა ეხებოდეს. არცერთი ადამიანი არ არსებობს, დაწყებული ბიძინა ივანიშვილიდან წულუკიანით გაგრძელებული, ვის ჯანმრთელობასაც რაიმე უმცირესი ზიანი მაინც მიადგეს. აღარ ვლაპარაკობ ოჯახის წევრებზე. ასეთი განცხადებების გაკეთება არაფრით არ შეიძლება“, - განაცხადა ხოშტარიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, გიგი უგულავამ გუშინ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: ამ ნაგვის შესახებ, ვინც ხელი აღმართა პრეზიდენტზე, უნდა იცოდნენ მისი შვილის მეზობლებმა და კლასელებმა, რომ მამა ჰყავს ჯალათი.