„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოფიციალური კიევის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანის მოთხოვნის თაობაზე საუბარი არ ყოფილა. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
კითხვაზე, ითხოვს თუ არა ოფიციალური კიევი უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას, ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ ამ საკითხის განხილვა არ მომხდარა.
„ამასთან დაკავშირებით არავითარი საუბარი არ ყოფილა. მე მგონია, რომ არც იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ პირველ რიგში უკრაინელებს მოაბეზრა თავი, ვიდრე აქ ახლა აბეზრებს ქართულ საზოგადოებას თავს მიხეილ სააკაშვილი. აქედან გამომდინარე, ასეთი არაფერი არ ყოფილა, შესაბამისი პოზიცია ექნება ჩვენს ხელისუფლებასაც. სამართალი უნდა აღსრულდეს, ყველა უნდა მიეჩვიოს, რომ სამართლის უზენაესობა ამ ქვეყანაში უნდა იყოს დაცული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.