საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის შესახებ, საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, თავდაცვის სამინისტროების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე იმსჯელეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში დაგეგმილ რეფორმაზე, რომელიც პროკურორის და გამომძიებლის საპროცესო უფლება-მოვალეობების და ფუნქციათა გამიჯვნის შესახებ ცვლილებას გულისხმობს. შეხვედრა საქართველოს გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ, ბაკურ აბულაძემ გახსნა. მან ყურადღება გაამახვილა გამოძიების მიმდინარეობისას, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე საგამოძიებო საკითხებში პროკურორის ჩართულობის კონკრეტულ საფუძვლებსა და შედეგებზე. ასევე, ბაკურ აბულაძემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ აღნიშნული ცვლილებების თანახმად, პროკურორი იქნება საპროცესო ზედამხედველობის და სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი პირი და აღარ იქნება გამოძიების წარმმართველი, საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით პირველადი გადაწყვეტილების მიმღები და გამოძიების პროცესის აქტიური მონაწილე. „განსახორციელებელ ცვლილებათა იმპლემენტაცია მოხდება ისე, რომ არ დაზიანდეს მართლმსაჯულების ეფექტიანობა და უწყებებს მიეცეს საკმარისი დრო გამომძიებელთა გადამზადებისა და ახალი როლის ათვისებისთვის“, - განაცხადა აბულაძემ. სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა მოსაზრებები და რეკომენდაციები გამოთქვეს საქართველოს პროკურატურის მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის შესახებ. სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის თანახმად, გაძლიერებულია გამომძიებლის დამოუკიდებლობა. აღნიშნული ცვლილება, მნიშვნელოვან სიახლეს შეიტანს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში და გამიჯნავს საპროკურორო და საგამოძიებო უფლებამოსილებას. აღსანიშნავია, რომ განსახორციელებელი რეფორმის კონცეფცია დადებითად არის შეფასებული ვენეციის კომისიის მიერ.