logo_geo
eng_logo
ლატვიის თავდაცვის მინისტრი: ბელარუსი-ევროკავშირის საზღვარზე მიგრანტებთან დაკავშირებული სიტუაცია რუსეთისა და ნატოს მონაწილეობით კონფლიქტამდე შეიძლება მივიდეს
- +

11 ნოემბერი. 2021. 16:27

 

 

ბელარუსი-ევროკავშირის საზღვარზე მიგრანტებთან დაკავშირებული სიტუაცია რუსეთისა და ნატოს მონაწილეობით კონფლიქტამდე შეიძლება მივიდეს. ამის შესახებ „ლატვიის რადიოს“ ეთერში ლატვიის თავდაცვის მინისტრმა, არტის პაბრიკსმა განაცხადა.

 

„ლუკაშენკოს პოზიცია ნათელია. მას ევროკავშირის მიერ დაწესებული მტკივნეული სანქციების გამო შურისძიება სურს. ვფიქრობ, მას ეს კარგად არ გამოსდის. აშკარაა, რომ 2015 წლის სცენარის გამეორება მოუნდა, როდესაც ევროპას მიგრანტების დიდი ნაკადები მოაწყდა. თუმცა, არაფერი გამოუვა. ბალტიის ქვეყნები და პოლონეთი ამ მიგრანტებს არ მიიღებენ“, - აღნიშნა არტის პაბრიკსმა.

 

ლატვიის თავდაცვის მინისტრის თქმით, თუ საზღვარზე სიტუაცია გაუარესდება, ეს უკვე აღარ იქნება ჰუმანიტარული კრიზისი.

 

„ერთი სცენარია, როდესაც ლუკაშენკო პოლიციის დახმარებით საზღვართან მიგრანტების კონცენტრირებას განაგრძობს და შეეცდება სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავოს და კონფლიქტამდე მიიყვანოს. მაშინ რუსეთიც შეიძლება ჩაერთოს. ნატოც შეიძლება ჩაერთოს, რადგან ჩვენი საზღვარი უნდა დავიცვათ. მეორე სცენარია, როდესაც ბელარუსის პრეზიდენტი თავისი ხარჯით ამ მიგრანტებს უკან გააგზავნის, რადგან 15 ათასი მიგრანტის შენახვა არ სურს“, - აღნიშნა არტის პაბრიკსმა.

 

8 ნოემბერს, ბელარუსის ტერიტორიიდან არალეგალი მიგრანტების ჯგუფმა პოლონეთთან საზღვარზე ფიზიკური ბარიერის გარღვევა სცადა. პოლონელ მესაზღვრეებს სპეციალური საშუალებების გამოყენება მოუწიათ. პოლონეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პიოტრ მიულერმა განაცხადა, რომ პოლონეთის მთავრობა ბელარუსთან საზღვრის სრულად ჩაკეტვის სცენარს განიხილავს. 9 ნოემბერს, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ პოლონეთი მტკიცედ დაიცავს თავის საზღვარს ბელარუსის რეჟიმის მხრიდან თავდასხმებისგან. ლიეტუვა და პოლონეთი ბელარუსთან საზღვრის გასწვრივ მავთულხლართებს აგებენ, რათა მიგრანტების ნაკადი შეაჩერონ, რომლის ორგანიზებაშიც ბრალს ლუკაშენკოს რეჟიმს სდებენ.

 

29 ოქტომბერს, პოლონეთის პარლამენტმა ბელარუსთან საზღვარზე კედლის მშენებლობის გადაწყვეტილება დაამტკიცა. პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარზე სამხედროების რაოდენობა 10 ათასამდე გაზარდა. 7 სექტემბერს, მიგრანტების ნაკადის ზრდის ფონზე, პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner