„სასამართლოზე ზეწოლას ვინც ახორციელებდა და კვლავაც აგრძელებს დიდი ხანია ცნობილია!"- ასე ეხმაურება საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების განცხადებას.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები აცხადებენ, რომ გიორგი პაპუაშვილი პოლიტიკური კონტექსტის მქონე საქმეების დაჩქარებულად განხილვას ითხოვს.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ოთარ სიჭინავა ადასტურებს, რომ თავად და კიდევ ოთხმა მოსამართლემ გიორგი პაპუაშვილს განცხადებით მიმართეს, რომელშიც საუბარია მისი მიხრდან გადაწყვეტილებების ერთპიროვნულ მიღებაზე, პოლიტიკური კონტექსტის მქონე საქმეების ფორსირებულად და დაჩქარებულად განხილვის მოთხოვნაზე, როცა სხვა უფრო გვიან შემოსული საქმეებია განსახილველი.
განაცხადებას ხელს აწერენ მოსამართლეები: ზაზა თავაძე, ლალი ფაფიაშვილი, თამაზ ცაბუტაშვილი, ოთარ სიჭინავა და მერაბ ტურავა.
„საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობის პროცესში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები გვაიძულებს, მოგმართოთ აღნიშნული განცხადებით. ზოგადად სასამართლო, ასევე მისი თითოეული მოსამართლე უნდა იყოს უზრუნველყოფილი გონივრული ვადით, რათა მას შესაძლებლობა ჰქონდეს სრულყოფილად მოახდინოს განსახილველი საქმის მასალების შესწავლა და აქედან გამომდინარე არაფორსირებულად, მშვიდ გარემოში შეძლოს გაანალიზებული გადაწყვეტილების მიღება განსახილველ საქმესთან დაკავშირებით. სწორედ აღნიშნული წარმოადგენს კონსტიტუციური კონტროლის ჯეროვანი განხორციელების და კონსტიტუციის უზენაესობის უზრუნველყოფის უპირატეს გარანტს. ჩვენი აზრით არაერთგვაროვანია სასამართლოს მიდგომები საქმეთა გადაწყვეტასთან დაკავშირებით", - აღნიშნულია განცხადებაში.