„რასაც ამბობდნენ, რომ მსჯავრდებული სააკაშვილის უფლებები ირღვევა იმითი, რომ ის გადაიყვანეს მე-18 დაწესებულებაში, სტრასბურგის სასამართლომ მკაფიოდ განმარტა, რომ ეს არ არის ადამიანის უფლებების დარღვევა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლომ ასევე თქვა, რომ ისინი დააკვირდებიან რამდენად არის მიხეილ სააკაშვილის უფლებები დაცული, იქ, სადაც ის იმყოფება.
„საუბარია ადამიანის უფლებებზე, რომელიც შეიძლება შიმშილობდეს და რომლის ჯანმრთელობა შეიძლება ნებისმიერ წუთს გაუარესდეს. თუმცა, კადრებში დავინახეთ, რომ ჯანმრთელობის გაუარესების რამე პროგნოზზე ლაპარაკი ნაადრევია, მაგრამ სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ის დააკვირდება ამ პროცესს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით და იგივე გაგრძელდება, რომ სააკაშვილის არც უფლება იქნება დარღვეული და ჯანმრთელობასაც მაქსიმალურ ყურადღება მიექცევა. ამავე დროს, სტრასბურგმა მკაფიოდ მოუწოდა მსჯავრდებულ სააკაშვილს, რომ შიმშილობა შეწყვიტოს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.
6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა.
მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.
სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა.