საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ქართული ხალხური ცეკვის უბადლო შემსრულებლის, ანსამბლ ,,რიჰოს“ მთავარი ქორეოგრაფის - კანდი მერლანის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო და ხელოვანს პირადად მიულოცა.
„კანდი მერლანს დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ხალხური ცეკვის შენარჩუნებაში და მისი შემართება სამაგალითოა ახალგაზრდა თაობისთვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი დამსახურება უძველესი სვანური ცეკვების მოძიება-აღდგენასა და სვანური ფოლკლორის როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ პოპულარიზაციის საქმეში. მინდა მივულოცო მას 80 წლის იუბილე და ჯანმრთელობა და დღეგრძელობა ვუსურვო“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ღონისძიება ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. მსმენელის წინაშე წარდგნენ ანსამბლები „რიჰო“, ,,ერისიონი“, ,,რუსთავი“, ,,ბერმუხა“, ,,ბასიანი“, ,,ძირიანი“, ,,დიდგორი“, ,,სახიობა“, ,,შილდა“. ხელოვანს საიუბილეო თარიღი ასევე მიულოცეს ლელა თათარაიძემ და მესტიის სალოტბარო სკოლის წარმომადგენლებმა.
შეგახსენებთ, კანდი მერლანი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში დაიბადა და დღემდე იქ ცხოვრობს. პირველი ქორეოგრაფიული ანსამბლი ჯერ კიდევ სამხედრო სამსახურში ყოფნისას შექმნა და ქართული პროგრამით შექმნილი კონცერტებით „ემსახურა“ როგორც სამხედრო ნაწილებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას.
კანდი მერლანი ანსამბლ „ლილეს“ ქორეოგრაფი იყო, დღემდე კი ანსამბლ ,,რიჰოს“ უცვლელი ქორეოგრაფია. მან მრავალჯერ წარადგინა სვანური ფოლკლორის ნიმუშები საქართველოს საზღვრებს გარეთ, 2008 - 2010 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ განხორციელებულ პროექტს „ქართული (სვანური) ხალხური ცეკვის მასტერკლასები“.
ხელოვანმა ფასდაუდებელი შრომა გასწია, რათა მოეძიებინა და აღედგინა უძველესი სვანური ცეკვები. კანდი მერლანს აღდგენილი აქვს სხვადასხვა საფერხულო ცეკვა შესაბამისი ცერული ილეთებით: „საფერხულო ლილე“, „დიდებათა“, „ციოყ-მახვში“, „ირინოლა“ და სხვა. ასევე შექმნილი აქვს 4-ეტაპიანი საფერხულო კომპოზიცია - I-გერგილი, II-შიშაი გერგილი, III-შინაორგილი და IV-ცერული. ქორეოგრაფის მიერ აღდგენილი საფერხულო კომპოზიციით წარდგა ანსამბლი „რიჰო“ 2015-2016 წლის საქართველოს ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალზე და მუნიციპალურ ანსამბლებს შორის პირველი ადგილი დაიმსახურა.
კანდი მერლანს მიღებული აქვს არაერთი ჯილდო და მედალი, მათ შორის 1971-1975 წლებში - ოქროს მედლები და პირველი ხარისხის დიპლომები. მერლანი გახლავთ „ფოლკლორის ეროვნული პრემიის“ ლაურეატი.