logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: ოპოზიციას ისღა დარჩენია, 2024 წლამდე მოიცადოს
- +

12 ნოემბერი. 2021. 01:36

 

 

 

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, როდესაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა პატიმარ სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და მოსთხოვა შიმშილობის შეწყვეტა, უკვე ღიად აჩვენებს იმ გამრუდებული რეალობის კრახზე, რომელსაც ნაცოპოზიცია მხარდამჭერი მედია საშუალებებით ასე ცდილობს რეალობად წარმოაჩინოს“, - ამის შესახებ ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„როგორც ჩანს ამ ვირტუალურ რეალობაში უკვე თავადაც აღმოჩნდენ გახვეული, მინავლური პროტესტიც ამის მანიშნებელია და არა კოვიდ პანდემიის ზეგავლენა ან ხალხის გადაღლის ფაქტორი.

 

რეალობის  სხვა განზომილებაში წარმოსახვამ, ოპოზიცია ისეთ ჩიხში შეიყვანა, რომ სააკაშვილის შიმშილობის აქცია, რაზეც მთელი სტრატეგია იყო აგებული, გაუხდათ უკვე სერიოზულ პრობლემად. რევოლუციაც ვერ გამოვიდა, ბევრი ფაქტორის გამო, მშვიდობიანი პროტესტი კი ვერც ერთ თვეზე და ვერც 6 თვეზე ვერ იქნება გათვლილი, იგი ხშირად გაცილებით დიდ დროს და პოლიტიკური კლასის სხვა კრეატივს და სტრატეგიას მოითხოვს, პოლიტიკური ცვლილებების თვალსაზრისით.

ამიტომაც დაიწყეს უკვე გუშინდელი საღამოს ეთერებიდან მოწოდებები სააკაშვილისადმი შეწყვიტოს შიმშილობა და გაცილებით გრძელვადიანი პოლიტიკური ბრძოლისათვის მოემზადოს.

 

ამ თავადვე მოქსოვილი ვირტუალური რეალობის შედეგი იყო დღევანდელი სიტუაციის 2012 წელთან დაკავშირებაც, როგორც ცვლილებების გარდაუვალობა. არადა 2012 წელს, მათ ყველაფერი გააკეთეს არჩევნების მოსაგებად, გაყალბებითაც გააყალბეს, და ძალადობაც უხვად იყო და დაშინებაც, მაგრამ ცვლილებების განწყობის ტრენდი ვერ გადატეხეს და არჩევნების წაგებაც ამიტომ აღიარეს.

ნაციონალებმა წააგეს, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი მათ წინააღმდეგ იყო განწყობილი, არა მხოლოდ დაკარგული ტერიტორიების გამო, არამედ იმ დეჰუმანიზირებული პოლიტიკის და სისასტიკის გამო, რასაც  ისინი ამკვიდრებდენ მთელი მათი მართველობის მანძილზე.

 

მართალია, თვითმართველობის ოქტომბრის არჩევნებზე მოსახლეობის ნახევარი არ მივიდა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი ნაციონალურ მოძრაობას და მასთან კოალიციაში მყოფი ოპოზიციის პოტენციური მხარდამჭერები არიან, უფრო პირიქით არის.

პროტესტის ვერ გაშლაც და მასიური ხასიათის ვერ მიცემაც ამ ვარაუდს ადასტურებს. პროტესტი და მასიური გამოსვლები იგივე 2012 წელს იყო თუ იყო, რაც იმ რეჟიმის  გარდაუვალ დასასრულზე მიუთითებდა.

დღეს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში არსებულ განწყობებს რაც შეეხება, აქ ეკონომიკური ფაქტორები და დეპრესიული ელემენტი თამაშობს თავის როლს, რაც  არც არის დიდად გასაკვირი, რადგან პოსკრიზისული სიტუაციებისათვის არის დამახასიათებელი.

ოპოზიციას ისღა დარჩენია, 2024 წლამდე მოიცადოს, ოღონდ საკითხავი ის არის, რა კონფიგურაციით მივლენ საპარლამენტო არჩევნებამდე, და თავად ნაციონალური მოძრაობაც საეჭვოა მორიგ შიდა რღვევებს გადაურჩეს.

ერთადერთი, საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 24 ნოემბრამდე, ევროპულ სასამართლოს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მისთვის ციხის საავადმყოფოში გაწეულ სამედიცინო მომსახურებაზე და არა მგონია, საქართველოს მთავრობა ამის წინააღმდეგი იყოს“, - წერს ექსპერტი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner