„სააკაშვილი იმ რეალობიდან გამომდინარე რაც ხელისგულზე დევს, საკუთარი გარემოცვის ამბიციების ტყვე და მსხვერპლია, რაც ავტომატურად იწვევს საზოგადოების გარკვეული ნაწილის ამ ჯგუფით გაღიზიანების გადმოტანას სააკაშვილზე, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა“, - ამის შესახებ ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„რადგანაც სააკაშვილის პატიმრობას საკმაოდ უცნაური შეფასებები აქვს, ვიტყვი ძალიან მშრალად, რაც შეიძლება ერთის მხრივ სოფიზმში ჩამეთვალოს, მაგრამ არაუშავს:
როცა აპელირებენ "შურისძიებაზე", ყველასთვის ცხადია, რომ არსებობს შურისძიების მიზეზი და ამ შურისძიებაზე თავის არიდების სურვილი (ბუნებრივია ამ მიზეზებს არ ჩამოვთვლი. ყველამ კარგად იცის).
სააკაშვილმა ჩაიდინა დანაშაულები და რეალური დემოკრატიის სტანდარტით პასუხი უნდა აგოს (სწორედაც რომ დანაშაულები და არა შეცდომები (შეცდომა შეიძლება დავუშვა მე. პირველი პირის შემთხვევაში, თანაც ისეთი ძალაუფლებით როგორიც ჰქონდა, უკვე დანაშაულია)).
არ ვლაპარაკობ ისეთ ეფემერულ მცნებებზე, როგორიცაა მონანიება, ბოდიშის მოხდა დ.ა.შ.
არ ვლაპარაკობ, რადგანაც ის, როგორც განსხვავებული სტატუსის მატარებელი (და ამ სტატუსს რამდენადაც საოცარი არ უნდა იყოს, სწორედაც ქართულ-გრუზინული ფენომენი ანიჭებს - "ის პრეზიდენტი იყო", რომელიც ძალიან ჰგავს ამ ტიპის რუსულ ფენომენს და არავითარ შემთხვევაში დასავლურს). სასჯელის ღირსეულად მიღების შემთხვევაში, ეს ფენომენი მას განსაკუთრებულ საფეხურზე აიყვანდა.
სააკაშვილი იმ რეალობიდან გამომდინარე რაც ხელისგულზე დევს, საკუთარი გარემოცვის ამბიციების ტყვე და მსხვერპლია, რაც ავტომატურად იწვევს საზოგადოების გარკვეული ნაწილის ამ ჯგუფით გაღიზიანების გადმოტანას სააკაშვილზე, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა.
რაც შეეხება რუსეთს, ესეც ცხადია, რომ ვთქვათ პუტინს კონკრეტულად სააკაშვილი არ აინტერესებს. რუსეთს აინტერესებს სწორედ ეს სიტუაცია: პოლარიზაცია, პოლიტიკური კრიზისი, ქვეყნის განვითარების დამუხრუჭება დ.ა.შ.
ბუნებრივია პუტინი მტერია და ის ყველაფერს გამოიყენებს საქართველოს წინააღმდეგ და გამოიყენებს პირველ რიგში პოლიტიკურ კრიზისს. საზოგადოების დაპირისპირებას. მიშა საქართველოში და ბუნებრივია ციხეში, პუტინისთვის საჩუქარია.
სააკაშვილი არ მოუტაციათ კიევიდან ისე, როგორც მაგალითად აიხმანი მოიტაცა მოსადმა არგენტინიდან. ის თვითონ შემოიპარა (რაც ასევე არ უწერს ქულებს).
მე არ ვიცი რა გარანტიები ჰქონდა მას თავისი თანაგუნდელებისგან, მაგრამ ის, რომ უკვე ბრალდებული და მისჯილი პირი რომ უნდა დაეკავებინათ, უდავოა. უდავოა სწორედაც დასავლური სტანდარტებით და არა რუსული. პუტინისთვის სასიამოვნო სწორედ ის პროცესებია, რაც ახლა საქართველოში ხდება. არ ვიცი ნებსით, თუ უნებლიედ, მაგრამ სწორედ სააკაშვილი გახდა პუტინის სურვილის ასრულების მაპროვოცირებელი და ახლა მისთვის რაღაც დამატებითი სტატუსის მინიჭება, ლოგიკისგან ძალიან შორსაა.
რაც შეეხება მის პატიმრობას, აქაც ძალიან მშრალად უნდა ითქვას, რომ პატიმრებს ექცევიან ისე, როგორც წესია, მაგრამ ამ წესს როგორ შეფუთავ, ეგ სხვა თემაა.
აი ეს შეფუთვა და საზოგადოების ემოციებზე თამაში, სააკაშვილის გარემოცვის კიდევ ერთი დანაშაულია ჩადენილი პირველ რიგში სწორედ სააკაშვილის წინააღმდეგ.
ეგაა და ეგ“, - წერს გაბრიჭიძე.