logo_geo
eng_logo
რას ნიშნავს მწარმოებლის მიერ ვადის გადაწევა და არის თუ არა „ფაიზერის“ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური - მეცნიერის განმარტება
- +

12 ნოემბერი. 2021. 11:35

 

კითხვები, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, „ფაიზერის“ ვარგისიანობის შესახებ, მას შემდეგ გაჩნდა, რაც ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ კომპანია „ფაიზერის“ მიერ წარმოებულ ვაქცინას ვადა გასდის. ვაქცინის გაფუჭების რისკი მალევე გამორიცხა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და განაცხადა, რომ ვარგისიანობის ვადა „ფაიზერს“ ნოემბერში არ ეწურება. საზოგადოებამ, ასევე, მედიის საშუალებით შეიტყო იმის შესახებ, რომ მწარმოებელმა კომპანიამ ვაქცინას ვადა გადაუწია და ის ახლა 2022 წლის პირველ თებერვლამდეა ვარგისი. ასეა თუ ისე, ამ ყველაფერმა მოსახლეობის უნდობლობა გამოიწვია, რაც პირდაპირპროპორციულად აისახა აცრის მსურველთა რაოდენობაზე.

 

რას ნიშნავს მწარმოებლის მიერ ვადის გადაწევა და არის თუ არა ამჯერად საქართველოში არსებული „ფაიზერის“ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური, ესპანეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ვაქცინოლოგი ნინო გოგიჩაძე ექსკლუზიურად „რეპორტიორისთვის“ განმარტავს. მისი თქმით, შესაძლოა, „ფაიზერის“ მოქმედების მექანიზმი კიდევ გაიზარდოს:

 

„ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ახალი პროდუქტი იქმნება, ესაა მედიკამენტი თუ  ვაქცინა, გვაქვს გარკვეული გათვლა, რამდენ ხანს შეიძლება იყოს ის ვარგისი, მაგრამ ამას დანამდვილებით ვერ იტყვი, რადგან რეალობა ყოველთვის გათვლებს არ ემთხვევა. ამიტომ, თავიდან იღებ ყველაზე მინიმალურ ვადას, რაც ზუსტად იცი, რომ იმუშავებს. აღნიშნულ შემთხვევაში ეს ვადა იყო 6 თვე. „ასტრაზენეკას“, მაგალითად, 6 თვეში გაუვიდა ვადა და ოფიციალურად ჩამოიწერა. „ფაიზერმა“ კი, თავიდან მინიმალურ ვადად 6 თვე დაასახელა, მაგრამ მას ხომ უკვე გამზადებული ჰქონდა გარკვეული რაოდენობის დოზები და როდესაც გავიდა ეს 6 თვე, ნახა, რომ პროდუქტს ვადა არ გასვლია და ე.წ.თაროს სიცოცხლე“ გრძელდება.

 

 

„თაროს სიცოცხლის“ ხანგრძლივობა განისაზღვრება პრეპარატით, რომელიც დევს თაროზე. მას ხელს არავინ ახლებს და უყურებენ, რამდენ ხანს „იცოცხლებს“, რამდენ ხანს იქნება უსაფრთხო და ეფექტური. სწორედ უსაფრთხოება და ეფექტურობაა პროდუქტის ვარგისიანობის მსაზღვრელი. ამიტომ 6 თვის შემდეგ, ხარისხის კონტროლმა ჩაატარა სპეციალური კვლევები და ნახეს, რომ პოტენციურად აქვს ამ პროდუქტს საშუალება, 9 თვემდე, ანუ კიდევ 3 თვით გადავწიოთ მისი მოქმედების მექანიზმი. იმედი მაქვს, პროდუქტი 9 თვის შემდეგაც შეინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას და არ გაგვიფუჭდება. ახლა გაიცნო ხალხმა ეს ინდუსტრია და დაიწყეს ფიქრი იმაზე, თუ როგორ მზადდება ვაქცინები, თორემ ეს ყოველთვის ასე ხდებოდა. ნებისმიერი ვაქცინა, რასაც ჩვენამდე მოუღწევია და ნებისმიერი მედიკამენტი, რასაც ჩვენ ვიღებთ, ამ გზას გადის. იცით პარაცეტამოლი როგორ შეიქნმა? - მაგრამ ხომ მოიხმართ მას! “- განმარტავს მეცნიერი.

 

ფართოდ გავრცელებულ კითხვაზე (უფრო ეჭვზე), იმიტომ ხომ არ „გადაუწიეს“ კონკრეტულ ვაქცინას ვადა, რომ გვაქვს უამრავი რაოდენობის „ფაიზერი“, რის წარმოებაზეც მილიარდები დაიხარჯა და რაც შესაძლია, გამოუყენებლად გაფუჭდეს, ვაქცინოლოგი ამბობს, რომ „არც ისე ბნელა“, საზოგადოების ამგვარად მოტყუება შეძლო, თუნდაც იმიტომ, რომ ამ ყველაფერს მილიონი თვალი უყურებს:  

 

„ძალიან რთულია ამ კითხვას პოლიტიზირების გარეშე უპასუხო, მაგრამ, სამწუხაროდ, გახლეჩილია ჩვენი საზოგადოება ბევრი მიზეზის გამო და ვაქცინასთან კავშირი ამას არა აქვს. მთავარი ისაა, რომ ხალხს არა აქვს ნდობა არც სახელმწიფოს და არც ერთი მისი სტრუქტურის მიმართ. შესაბამისად, საზოგადოების უდიდეს ნაწილს აქვს განცდა, რომ მუდმივად ატყუებენ. თუ ყველაფერს გავიხსენებთ, რაც ბოლო 30 წელია ქვეყანაში ხდება, ეს ეჭვები და კონსპირაციის თეორიები სწორედ აქედან მოდის და ადამიანებს ვერც გაამტყუნებ, არამხოლოდ ვაქცინებთან მიმართებაში.

 

 

ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა და ხაზგასმით აღვნიშნო, ის სამწუხარო ფაქტია, რომ როცა ცდილობ ეჭვები გააქარწყლო, მაშინვე პოლიტიკურ ნარატივად გითვლიან, რადგან თითქოს ამით სახელმწიფოს იცავ, ამის გამო კი ხალხი ღიზიანდება. ამიტომ მინდა ეს ნარატივი მოვიშოროთ, რადგან არანაირი პოლიტიკური ინტერესი არ მაქვს, და არც სახელმწიფოს სახელით ვლაპარაკობ! მე ვლაპარაკობ მეცნიერების სახელით, ჩემთვის არანაირი პოლიტიკური სარჩული არ არსებობს! შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ არ ვცხოვრობთ ძალიან განვითარებულ ქვეყანაში, - „არც ისე ბნელა“! ასე არ ხდება, რომ ახლა, მაგალითად, ამირან გამყრელიძემ, რომელიც ხალხს დემონიზირებული ჰყავს, განაცხადოს, „იცი რა, მოდი სამი თვით გადავწიოთ ვაქცინის ვადა“! ასე არ არის, ამას ვერ იზამს! ამაზე მილიონი თვალია მიპყრობილი, მილიონ კონტროლს გადის და გარდა იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი თავის საქმეს აკეთებს, არსებობს იუნისეფი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რომლებიც ასევე აქტიურად არიან ჩართული ვაქცინაციის პროცესში, ამიტომ მხოლოდ ჩვენ არ ვუყურებთ ამ ყველაფერს, სხვებიც გვიყურებენ! ასე არ ხდება, ადგე და რაღაც შენს ნებაზე გადაწიო ან გადმოწიო, საბედნიეროდ!“- განმარტავს ნინო გოგიჩაძე. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner