logo_geo
eng_logo
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი.
- +

12 ნოემბერი. 2021. 16:50

 

წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის ის წევრები, რომლებიც ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებში გახდებიან ოქროს, ვერცხლის ან ბრინჯაოს მედლის მფლობელები, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხვას შეძლებენ.

 

საკითხის მომხსენებლის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ვალერიან გობრონიძის განცხადებით, კანონპროექტის თავდაპირველ ვერსიაში კანონის მოქმედება ვრცელდებოდა იმ სპორტსმენებზეც, რომლებიც მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებში მოიპოვებდნენ პირველ ადგილს. როგორც მომხსენებელმა განმარტა, კანონპრეოქტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში პირველი მოსმენით განხილვისას გამოითქვა შენიშვნები, რის შედეგადაც კანონპროექტში გარკვეული ცვლილებები შეიტანეს.

„სპორტის კომიტეტის მიერ გამოთქმული იქნა შენიშვნები.  კომიტეტის მოსაზრებით, კანონის მოქმედება უნდა გავრცელდეს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის წევრებისათვის, რომლებიც ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებში გახდებიან ოქროს, ვერცხლის ან ბრინჯაოს მედლის მფლობელები და კანონის მოქმედება უნდა გავრცელდეს იმ პირებზე, რომლებიც  ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებზე გახდნენ ოქროს, ვერცხლის ან ბრინჯაოს მედალოსნები“, - განაცხადა ვალერიან გობრონიძემ.

კომიტეტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუშვილს მნიშვნელოვნად მიიჩნია, რომ  ინიციატივა  ეხება მხოლოდ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხვას და არა ზოგადად უნივერსიტეტში ჩარიცხვას. „ინიციატივა მისაღებია.  ის არ გულისხმობს ვინმეს განთავისუფლებას და პრიორიტეტის მინიჭებას, არამედ ეს არის წახალისება იმ სპორტსმენებისა, რომელთაც  აქვთ მაღალი შედეგები.  ჩვენ ისინი უნდა წავახალისოთ, რომ ამ სფეროში დარჩნენ როგორც პროფესიონალები და შემდეგ მწვრთნელები. მნიშვნელოვანია ის ჩანაწერი, რომ ეს ინიციატივა  ეხება მხოლოდ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხვას და არა ზოგადად უნივერსიტეტში ჩარიცხვას“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

 

სხდომაზე კომიტეტის წევრებმა კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს  და  ინიციატივას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს იმ დათქმით, რომ  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სპორტისა დ ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან დამატებითი კონსულტაციები გაიამრთება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner