„ნაციონალური მოძრაობის“ 8-წლიანი კრიზისული ციკლი ოპოზიციაში და გზა ყოვლისშემძლეობიდან პოლიტიკურ უძლურებამდე“, - ასე აფასებს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი გლდანის ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ბინის კართან, იატაკზე, ერთ-ერთი პირის მიერ, მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი სიტყვების დაწერას.
„პოლიტიკური უძლურების გადასაფარად, მათი მთავარი იარაღი აქაც შურისძიება, დაშინება და პოლიტიკური ანგარიშსწორებაა. ვინც მათთან არაა, მტერია! ამიტომ ემუქრებიან ყველას, შეურაცხყოფენ ყველას, შესაძლებლობა რომ ჰქონდეთ, იძალადებდნენ ყველაზე! ქალბატონო ნინო ლომჯარია, ვფიქრობ, რომ, როგორც სახალხო დამცველმა, ამის შესახებ თქვენც უნდა იცოდეთ და მოახდინოთ რეაგირება“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.
9 ნოემბერს, ღამით, პარლამენტთან გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას, გიგი უგულავამ გლდანის ციხის უფროსის მოადგილის, გოგა ორდენიძის ოჯახზე ისაუბრა. სიძულვილის ენა მან ამჯერად არასრულწლოვნების მიმართ გამოიყენა. მოგვიანებით თავის შეცდომას მიხვდა და საჯარო ბოდიში სოციალური ქსელის საშუალებით მოიხადა. „კრიტიკას ვიღებ და ბოდიშს ვიხდი. დეტალებში არ შევალ. სჯობს ეს საკითხი არ განვიხილოთ და მოჭრილად ვთქვათ - რომ ბავშვებს გავეშვათ,“- დაწერა უგულავამ სოციალურ ქსელში.