საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტი „Check in Georgia" გრძელდება. 30 ივლისს ქართული მუსიკალური ანსამბლებისა და ჯგუფების მონაწილეობით კონცერტები გაიმართება დუშეთში, თიანეთსა და მესტიაში.
დუშეთში, სოფელ ჩარგალში, 13:00 საათზე, ვაჟა-ფშაველას მუზეუმის ტერიტორიაზე კონცერტს გამართავს 2 ანსამბლი - „გორდელა" და „ჩვენებურები". კონცერტის პარალელურად, სახალხო დღესასწაულის - „ვაჟაობას" ფარგლებში, ადგილზე მთელი დღის მანძილზე ასევე დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები.
ამავე დღეს, 30 ივლისს, თიანეთში, 19:00 საათზე, ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში მოეწყობა კონცერტები ანსამბლ „ორერას", ჯგუფ „ფლეშის" და დავით ილურიძის ბენდის (სოლისტები მაკა გამყრელიძე და ხათუნა ჯალაღონია) მონაწილეობით.
მესტიაში, 19:00 საათზე, სეტის მოედანზე მსმენელს საშუალება ექნება, დაესწროს ჯგუფ „ბანის" და დათო ევგენიძის ბენდის კონცერტს.