„სადაც არ არის სამართლიანობა, იქ არ არის მშვიდობა - საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ამ მარტივი ჭეშმარიტების საუკეთესო დასტურია. სადაც არ აღსრულდა სამართალი დამნაშავის მიმართ, პირდაპირი საფრთხე შეექმნა მშვიდობას და სტაბილურობას, რაც ქვეყნის შეუფერხებელი განვითარების აუცილებელი პირობაა. „ქართული ოცნება“ ამას აღარასოდეს დაუშვებს! სამართალი აღსრულდება ყველა იმ პირის მიმართ, რომელსაც დანაშაული აქვს ჩადენილი!“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
კობახიძის თქმით, სასამართლო სისტემა, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტი იყო, 2012 წლიდან რადიკალურად და თვისებრივად გარდაიქმნა და სამართლის სამსახურში ჩადგა:
„ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დიდი ხნის ლობისტია და ამ პოლიტიკურ ძალას იმ პერიოდშიც ლობირებდა, როდესაც სააკაშვილის რეჟიმი ადამიანებს კლავდა, აუპატიურებდა, ბიზნესს აყაჩაღებდა, დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს იტაცებდა და ქვეყნის ტერიტორიებს რუსეთს აბარებდა, მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმარი უწოდა. ასეთ ადამიანებს გვინდა დავუსვათ მარტივი კითხვა - ცნობენ თუ არა ისინი საქართველოს სახელმწიფოდ? და თუ ცნობენ - მიაჩნიათ თუ არა, რომ სამართლისა და კანონის უზენაესობა სახელმწიფოს აუცილებელი ატრიბუტია?
2012 წლიდან, საქართველოში მართლმსაჯულებამ და ზოგადად, სამართალდამცავმა სისტემამ ფუნდამენტური წინსვლა განიცადა. ამას ცხადყოფს როგორც ელემენტარული სტატისტიკა, ისე მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებები, მათ შორის Heritage Foundation-ის, „მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის“, „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“, მსოფლიო ბანკის რეიტინგები და სხვ. აღნიშნული რეიტინგები ადასტურებს, რომ საქართველო მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის თვალსაზრისით, რეგიონში გამოკვეთილი ლიდერია და ათამდე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოსაც კი უსწრებს.
სასამართლო სისტემა, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტი იყო და რომელმაც 2004-12 წლებში უამრავი ადამიანის ღირსება, სიცოცხლე, ჯანმრთელობა და საკუთრება ხელყო, 2012 წლიდან რადიკალურად და თვისებრივად გარდაიქმნა და სამართლის სამსახურში ჩადგა“, - აღნიშნულია ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.