საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავა მთავარ პროკურატურაში მისი დაკითხვის დეტალებზე საუბრობს და აცხადებს, რომ გამომძიებლის შეკითხვები შეეხებოდა საკონსტიტუციო სასამართლოში სიტუაციას, ხომ არ ჰქონდა ადგილი პირადად მის მიმართ ზეწოლის ფაქტებს, ასევე შანტაჟს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში.
„ჩემი მხრიდან საუბარი იყო, რომ წელიწადნახევრის მანძილზე, რა პერიოდშიც საკონსტიტუციო სასამართლოში ვმუშაობ, პირადად ჩემს მიმართ ასეთ ზეწოლებს, შანტაჟს ადგილი არ ჰქონია", - აღნიშნა მერაბ ტურავამ.
მისივე ინფორმაციით, გარდა ამისა, საუბარი იყო მისი ახლობლების, ნათესავების მიმართ ანალოგიური ფაქტების შესაძლებობასთან დაკავშირებით, რაზეც ტურავამ ამ შემთხვევაშიც უარყოფითი პასუხი გასცა. კითხვები ეხებოდა ასევე მერაბ ტურავას კოლეგებსაც.
ტურავას განცხადებით, იგო გამომძიებელს ასევე ესაუბრა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ნაწილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მოყვანილ რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით.
„განსაკუთრებით მინდა გამოვყო ის გარემოება, რომ ბოლო პერიოდის მანძილზე საკონსტიტუციო სასამართლოში ადგილი ჰქონდა შემოტანილი სარჩელების შეცვლას. იყო შემთხვევა, როდესაც მხარემ შემოიტანა საკონსტიტუციო სარჩელი პარასკევს, ეს სარჩელი არ აკმაყოფილებდა წაყენებულ მოთხოვნებს, მაგრამ კვირის ბოლოს ეს სარჩელი შეიცვალა. შესაბამისად, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რა პროცედურით, რა წესებით, რომელი პრაქტიკით მოხდა შემოტანილი სარჩელის შეცვლა ახალი სარჩელით. ჩემი წარმოდგენით, ეს არის სამართალდარღვევა", - განაცხადა მერაბ ტურავამ.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი ითქვა პლენუმის დახურულ სხდომაზე, მაგრამ რამდენადაც მერაბ ტურავასთვის არის ცნობილი, ამ საკითხზე დღემდე არავითარი მოკვლევა არ ჩატარებულა.