უწყებათშორისი სწავლების „დიდგორი 2021“-ის საველე კომპონენტი ვაზიანის პოლიგონზე ასეულის დონის სწავლებით დასრულდა. სწავლების სცენარის მიხედვით, მე-4 მექანიზებული ბრიგადის 43-ე ქვეითი ბატალიონის „ალფა“ ასეულს ოპერაციის რაიონში გადასვლის, მოწყობისა და საბრძოლო მზადყოფნის, ჩასაფრების, შეყოვნების და დაშავებულთა ევაკუაციის დავალებების შესრულება მოუწია, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, საველე სწავლებას ოპერაციას იმიტირებული გენერალური შტაბი საჯარისო ცენტრში განთავსებული მართვის პუნქტიდან აკვირდებოდა და ქვედანაყოფს შესაბამის მითითებებს აძლევდა.
სწავლება პრემიერ-მინისტრის განკარგულებით ტარდება, რომლის დაგეგმვისა და აღსრულების პროცესს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობს. „დიდგორი 2021“ წინა სწავლებებისგან შედარებით მასშტაბური და განსხვავებულია, რადგან საშტაბო ნაწილის გარდა საველე კომპონენტებსაც მოიცავს.