logo_geo
eng_logo
დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოში დანაშაულის პრევენციის შესაძლებლობების გაძლიერება და პრობაციის სფეროში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა განიხილეს
- +

14 ნოემბერი. 2021. 14:23

 

 

„დანაშაულის პრევენციის შესაძლებლობების გაძლიერება, არასაპატიმრო სასჯელთა ეფექტური აღსრულება და პრობაციის სფეროში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა - ეს მიმართულებები განიხილეს სააგენტოს ყოველწლიურ სამუშაო შეხვედრაზე“, - ამის შესახებ ინფორმაციას დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომაშვილი უძღვებოდა. მან, უწყების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სააგენტოში განხორციელებული რეფორმები შეაჯამა და განვითარების სამომავლო გეგმები წარადგინა.

 

გეგმის მიხედვით, ბენეფიციარებისთვის საჭიროებებზე მორგებული სარეაბილიტაციო პროგრამების არეალი გაფართოვდება, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ეფექტური აღსრულების გასაზრდელად, მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის მიზნით, მემორანდუმების გაფორმება გაგრძელდება. მედიაციის ინსტიტუტის გაძლიერებისთვის მედიატორები საქართველოს ყველა რეგიონში დასაქმდებიან. გაგრძელდება არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის განვითარება. დაგეგმილი საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში, შინაპატიმრობის აღსრულებისას უზრუნველყოფილი იქნება დარღვევებზე ეფექტიანი რეაგირება.

 

პრობაციონერთა ელექტრონული კონტროლი და სერვისების უზრუნველყოფა პრობბოქსის საშუალებით განხორციელდება. ამ მიზნით, ინოვაციური ტექნოლოგიური მოწყობილობა მიმდინარე წლის დეკემბრიდან 6 რეგიონის იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და მუნიციპალურ შენობებში განთავსდება. მისი საშუალებით, პრობაციონერები, გამოცხადების დაფიქსირებასა და სააგენტოს მიერ შეთავაზებული სერვისებით სარგებლობას, ბიუროებში მისვლის გარეშე შეძლებენ. სააგენტოს მიზნების მისაღწევად, გაძლიერდება ანალიტიკური მიმართულება და განმტკიცდება საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმები.

 

შეხვედრა აშშ-ს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) მხარდაჭერით ჩატარდა. მას ბიუროს სასჯელაღსრულების საკითხებში უფროსი მრჩეველი სკოტ ვიგინსი და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner