„მიხეილ სააკაშვილზე მიმდინარეობს ინტენსიური სამედიცინო დაკვირვება, უტარდება ყველა საჭირო ლაბორატორიული გამოკვლევა, იღებს ყველა დანიშნულ მედიკამენტს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - ამის შესახებ გლდანის #18-ე სამკურნალო დაწესებულების მთავარმა ექიმმა, მანანა ელეფტეროვამ განაცხადა.
მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია, სიცრუეა.
„#18 სამკურნალო დაწესებულებაში მიმდინარე წლის 8 ნოემბრიდან მკურნალობის კურსს გადის პაციენტი მიხეილ სააკაშვილი. მასზე მიმდინარეობს ინტენსიური სამედიცინო დაკვირვება, უტარდება ყველა საჭირო ლაბორატორიული გამოკვლევა, იღებს ყველა დანიშნულ მედიკამენტს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას თითქოს ბატონი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია და დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ #18-ე დაწესებულება გამოცხადებულია წითელ ზონად, სრული სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება. ასევე, როგორც ექიმი, ჩემს კოლეგებს მოგმართავთ თხოვნით - თავი შეიკავეთ სიტუაციის დრამატიზაციისგან პაციენტების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე“, - აცხადებს ელეფტეროვა.