„იმედის კვირა“ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს რუსულ კომპანიებზე სტრატეგიული ობიექტების გასხვისების საკითხით დაინტერესდა. არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ს მიერ შესწავლილი მასალების მიხედვით 2008 წლის დეკემბერში, რუსეთ - საქართველოს ომის დასრულებიდან რამდენიმე თვეში, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ რუსულ კომპანია „ინტერ რაოსთან“ მემორანდუმი გააფორმა, რაც „ენგურჰესის“ ერთობლივ მართვას გულისხმობდა.
ამერიკული მხარისგან „ინტერ რაოს“ ხელში გადავიდა ენერგეტიკის გამანაწილებელი კომპანია „თელასი“, ასევე „ინტერრაოს“ გადაეცა თბოსადგური „მტკვარი ენერგეტიკი“ და მსხვილი ჰიდროელექტროსადგურები „ხრამჰესი 1“ და „ხრამჰესი 2“. საქართველოს მთავრობამ „ხრამჰესის“ გადაცემის შესახებ „ინტერ რაოსთან“ მემორანდუმი 2011 წლის 1-ელ აპრილს გააფორმა.
2008 წლიდან ჩნდებიან რუსეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული კომპანიები წყალმომარაგების სექტორშიც. სწორედ იმ პერიოდიდან, როდესაც გაუქმდა სტრატეგიული ობიექტების ცნება და განსაკუთრებული მნიშვნელობის ქონების სტატუსი მხოლოდ 5 ობიექტს მიენიჭა. დანარჩენი კი პრივატიზაციას დაექვემდებარა. მაშინ საქართველოს მთავრობამ, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ და თბილისის მერიამ ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ შპს „მალთიფლექს ენერჯი ლიმიტედს“ მიჰყიდა „თბილისის წყალი“, „რუსთავწყალკანალი“, „მცხეთაწყალკანალი“, „საქწყალკანალი“. რუსული კომპანიები სწორედ ამავე წლებიდან გამოჩნდნენ ნავთობისა და კომუნიკაციების ბიზნესშიც. და ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია რუსეთიდან შემოსული ინვესტიციების, რომელსაც საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება ოვაციებით იღებდა.
„მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ძალიან ბევრი სტრატეგიული ობიექტი გასხვისდა სწორედ რუსულ კომპანიებზე და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ რუსული კომპანიები, რომლებიც საზღვარგარეთ ყიდულობენ აქტივებს, როგორც წესი, არიან კრემლის კონტროლის ქვეშ“, - აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.