„„ნაციონალური მოძრაობის“ დროს ეკონომიკური ზრდა იყო ჩაკეტილი ერთ ჯგუფში, ანუ მისი სიკეთე ხმარდებოდა კონკრეტულ ელიტას და არ ნაწილდებოდა ადამიანებზე“, - ამის შესახებ „იმედის კვირასთან“ საუბრისას ნათია თურნავამ განაცხადა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ დროს ქვეყანაში სიღარიბემ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია.
„ჩვენ დროს, ჩვენი ხელისუფლების პერიოდში, სტატისტიკურად სიღარიბე ისტორიულ მინიმუმს აღწევს - 400 ათასზე მეტმა ადამიანმა მოახერხა და ჩვენი დახმარებით, ჩვენი პოლიტიკის შედეგად დააღწია თავი სიღარიბეს“, - ამბობს თურნავა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ „ნაცმოძრაობის“ დროს ქვეყანაში არ არსებობდა არცერთი სპეციალური პროგრამა, რომელი მასობრივად დაეხმარებოდა მცირე და საშუალო ბიზნესს, 2014 წელს შექმნილი პროგრამით „აწარმოე საქართველოში“ კი უკვე ათასობით ადამიანმა ისარგებლა.