„ჩვენი ამოცანაა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იყოს გამოყენებული პოლიტიკური არეულობისთვის, რაც ქვეყანას დააზიანებს“, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ გიორგი ხელაშვილმა განაცხადა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ასევე რუსთავის ციხესთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის ერთ-ერთი მონაწილის გარდაცვალებაზე ისაუბრა.
„მიუხედავად იმისა, რომ ერთი ადამიანის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა თუ მონიტორინგის მოტივით [გამართულ აქციაზე], მეორე ადამიანი, რომლის სიცოცხლეც ისეთივე ღირებულია, როგორც პირველის, უბრალოდ გარდაიცვალა, მიტინგიც კი არ შეაჩერა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ჩვეულებრივად გააგრძელა. ეს ჩემთვის ფარისევლობის მწვერვალია. თუ შენთვის ადამიანის სიცოცხლეა ყველაზე ღირებული და მნიშვნელოვანი და ამისთვის ატარებ მიტინგებს, ეს ხომ ნიშნავს, რომ ის ადამიანიც ისეთივე ღირებულია. მაშინ მისი სიცოცხლე რატომ არ იყო ამ შემთხვევაში აყვანილი იმავე დონეზე? აქედან ჩანს ჩემთვის, რომ ეს ყველაფერი არის მანიპულაცია და ემსახურება პოლიტიკურ მიზანს“, - განაცხადა ხელაშვილმა.