„დარწმუნებული ვარ, სააკაშვილს არაფერი არ ემუქრება“, - ამის შესახებ ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარემ, ნანა კაკაბაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ცოტა ხნის წინ, როდესაც მისი ადვოკატები გამოდიოდნენ პროცესზე, ამტკიცებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს შეუძლია თავის ფეხი ჩამოვიდეს მეხუთე სართულიდან და მივიდეს სასამართლოში. ასევე, მან თვითონ განაცხადა, რომ მოიკრებს ძალებს და მივა სასამართლოში. ნებისმიერ პირს, ვინც სასამართლოში უნდა მივიდეს, ძალების მოკრება სჭირდება, მაგრამ ეს შორს არის იმისგან, რომ 46 დღის შიმშილობის ფონზე ვინმეს შეიძლება ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ თავის ფეხით ჩავიდეს კიბეებზე და მივიდეს სასამართლოში. აქ რომ სიმულაციაა და ეს არ შეესაბამება სიმართლეს, ეს ცალსახაა. უნდა ვიფიქროთ, რა დგას ამის უკან და ეს უნდა შევაფასოთ იმის მიხედვით, ვისთან გვაქვს საქმე. თუ ჩვენ თვალს გადავავლებთ ყველაზე ახლო წარსულს, საარჩევნო პერიოდს დღემდე, ნათლად ჩანდა, რომ ეს ადამიანები არ ემზადებოდნენ არჩევნებისთვის. ისინი არ ბეჭდავდნენ და არ განათავსებდნენ თავიანთ პლაკატებსა და ბანერებს არსად და არა იმიტომ, რომ მათ არჩევნებში გამარჯვება არ სურდათ, არამედ იმიტომ რომ არჩევნები არ არის მათი გზა. ამ ადამიანებმა ჩვენზე, ყველაზე კარგად იციან, რომ ისინი არჩევნების გზით ხელისუფლებაში არასდროს მოსულან და მით უფრო, დღეს ვერ მოვლენ. აქედან გამომდინარე, მათი ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთი გზა, ეს არის არეულობა, დესტაბილიზაცია, გადატრიალება და ძალაუფლების უზურპაცია. ამასთან გვაქვს საქმე, როდესაც ფსიქიური ამოჩემების დონეზე ხდება სააკაშვილის ქალაქის საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნა, ეს არის იქიდან გამომდინარე, რომ ისინი ამაში ხედავენ დესტაბილიზაციის შანსს“, - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.