logo_geo
eng_logo
შსს „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებულ აქციაზე: მისი გაცხადებული მიზანია, თბილისში სატრანსპორტო კოლაფსის გამოწვევა - ტრანსპორტის გადაადგილების განზრახ დაბრკოლება აკრძალულია
- +

15 ნოემბერი. 2021. 10:36

 

 

 

თბილისში, დღეს, პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, დაგეგმილია საპროტესტო აქცია, რომლის ფარგლებშიც, სატრანსპორტო კვანძების, კერძოდ, მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე მოძრაობის გადაკეტვა იგეგმება.

 

„აღნიშნული აქციის გაცხადებული მიზანია, თბილისში სატრანსპორტო კოლაფსის გამოწვევა“, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, შეკრების მონაწილეებს ეკრძალებათ განზრახ შექმნან დაბრკოლებები ტრანსპორტის გადაადგილებისთვის. ამავე კანონის მე-11 პრიმა მუხლის თანახმად, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციით ან/და საგნებით გადაკეტვა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ახსენებს, რომ ამ წესების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.

 

„გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლის თანახმად, დანაშაულია ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან, ასევე, ტრანსპორტის, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება და აგრეთვე ასეთ მოქმედებაში აქტიური მონაწილეობა. აღნიშნული ქმედების ჩადენა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე აქციების და შეკრებების დროს მოქალაქეებსა და პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, პატივი სცენ პოლიციელთა პროფესიულ საქმიანობას, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი.

 

„კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან მყისიერად აღიკვეთება და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ პროპორციულ ძალას და სპეციალურ საშუალებებს“, - წერია შსს-ს განცხადებაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner