„ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ არჩევანი და არავის მივცეთ უფლება, კვლავ განუკითხაობა დათესოს ქვეყანაში", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ მცხეთაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაზე განაცხადა.
„გარდამტეხი და მნიშვნელოვანი პერიოდი გვიდგას ახლა. ჩვენი ხელით იქმნება საქართველოს მომავალი და ეს მომავალი უნდა იყოს ისეთი, როგორსაც ჩვენი წინაპრები შენატროდნენ, რომლისთვისაც ხალხი თავს სწირავდა, სისხლს ღვრიდა და შენატროდა. ჩემთვის პირადად მცხეთა არის წინაპრების სიბრძნის, სულიერების და ჩვენი ქვეყნის მარადიულობის სიმბოლო. ამ უძველეს მიწაზე შეკრებით ჩვენ ვალდებული ვართ ჩვენი წინა და მომავალი თაობების წინაშე ვიმუშაოთ მუხლჩაუხრელად, ვაშენოთ და გავალამაზოთ ჩვენი სამშობლო. ჩვენი საქართველო. საამისოდ საძირკველი უკვე ჩაყრილია", - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, არსად ისე არ ტრიალებს თავისუფლების სული, როგორც მცხეთაში, უძველეს მიწაზე.
„ჩვენ დავიწყეთ რამდენიმე წლის წინ ქვეყნის სწორი გზით განვითარება. ახლა კედლების აშენების წლები მოდის - პროცესი საინტერესოა, საპასუხისმგებლო და ვალდებულებებით დატვირთული. ჩვენ თითოეული დიდი, თუ პატარა საქმე უნდა შევასრულოთ პასუხისმგებლობით, გულიანად და საფუძვლიანად. ჩვენი დღევანდელი, ხვალინდელი შრომა არის საწინდარი ძლიერი, განვითარებული და უზრუნველყოფილი ქვეყნის შექმნის. მცხეთის უძველესს მიწას, კედლებს და ტაძრებს ახსოვთ ბევრი ბრძოლა, ბევრი მარცხი და აღზევება ჩვენი ხალხის, არსად ისე არ ტრიალებს თავისუფლების სული, როგორც აქ ამ უძველეს მიწაზე. თავისუფლება ეს არის ის მონაპოვარი, ის საგანძური, რაც საუკუნეების მანძილზე იყო ძვირფასი ჩვენი ხალხისთვის. ბოლოს ამის საფრთხე გაურკვეველი ფორმის და შინაარსის რეჟიმის პირობებში შეიქმნა და თანამედროვე ქართველმა, თანამედროვე მოქალაქემ მშვიდობიანად, ცივილიზებულად მოიპოვა გამარჯვება ძალადობაზე, ბოროტებაზე და ჩაგვრაზე. ამ წმინდა მიწაზე, მე მოგმართავთ თქვენ, თავისუფალ, ლაღ, ქედმოუდრეკელ და ღირსეულ მთიელებს. თქვენ არ გჭირდებათ ამ სიტყვების მნიშვნელობის ახსნა, რადგან ეს არა მხოლოდ სიტყვები, ეს ცხოვრების წესია, ეს ის სისხლი და გენია, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო. ეს ბრძოლა, ეს ომი არ დასრულებულა, ჩვენ ყველას ერთად ისევ გვიხმობენ ჩვენი მიწა, ჩვენი სალოცავები, ჩვენი ოჯახები და ჩვენი თემი. ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ არჩევანი - დავრჩეთ თავისუფლები და ღირსეულები, თუ მივცეთ უფლება ვინმეს, კვლავ აღმართოს ხელი ამ ყველაფერზე და განუკითხაობა დათესოს მთელს ქვეყანაში", - აღნიშნა კალაძემ და დასძინა, რომ „ჩვენი არჩევანი ნათელი და ცალსახაა - ჩვენ აღარასდროს დავუშვებთ, რომ საქართველოში რაიმე სახის რეჟიმი დამყარდეს, ვინმეზე ძალადობდნენ, ქონებას ართმევდნეს, სიტყვის თქმას უზღუდავდნენ".
„ღირსება და მხარდამხარ ბრძოლა თუ შრომა ჩვენი ცხოვრების წესია. ჩვენ გვმართავს კანონი. კანონი არის ყველასთვის უზენაესი. ჩვენ ვემორჩილებით მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც არის გარანტი ჩვენივე თავისუფლების. ჩვენმა ხელისუფლებამ პირველად გადადგა რეალური ნაბიჯები მთის განვითარებისთვის, მივიღეთ კანონი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ. ეს არაა მხოლოდ დაპირება, ეს მაღალმთიანი რეგიონების აღორძინების გეგმის მხოლოდ ერთ-ერთი ნაწილია - შესრულებული ნაწილი. ჩვენ ამ გეგმას ბოლომდე მივიყვანთ. ჩვენ ავაღორძინებთ მთასაც და ბარსაც. ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ მძიმე მემკვიდრეობას, ერთად დგომით, მხარდამხარ ბრძოლითა და შრომით, ჩვენი ღირებულებების, მამა-პაპათა ადათებისა და ტრადიციების პატივისცემით, თავისუფლები და თავაწეულები ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ დასახულ მიზანს", - განაცხადა კალაძემ.