logo_geo
eng_logo
თეა ფირცხალავა: ვალერი, გილოცავ დაბადების დღეს, იდღეგრძელეთ და იხარეთ თქვენს სანდროსა და მის დიდ ოჯახთან ერთად
- +

15 ნოემბერი. 2021. 11:52

 

 

 

„ჩემო თვალნათელო, ჩემო სანატრელო,

ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო...

ტევრი გვიწალდია, ისე გვიზარდია,

რომ გავმზადებულვართ ახალ ბიზანტიად.“

 

მურმან ლებანიძის ეს სიტყვები ჩვენი დღევანდელი იუბილარის, სახელგანთქმული ქართველი ბიზანტისტის ვალერი ასათიანის  მოღვაწეობამ გამახსენა, რომელმაც მთელი შეგნებული ცხოვრება ბიზანტიის და რომის იმპერიებთან საქართველოს მრავალსაუკუნოვანი და მრავალმხრივი ურთიერთობების შესწავლას მოახმარა. თითქმის 50 წელია, რაც „დაგროვილ“ ცოდნას მეცნიერი უშურველად  უზიარებს სტუდენტებსა და ფართო აუდიტორიას, რათა დღევანდელმა ახალგაზრდებმა და მომავალმა თაობებმა კარგად გააცნობიერონ, რა ქვეყანაში დაიბადნენ და ცხოვრობენ და არასოდეს შეეგუონ რომელიმე, თუნდაც ზესახელმწიფოს წარმომადგენელთა მხრიდან უძველესი კულტურისა და ისტორიის მქონე საქართველოს და ქართველების არასახარბიელო კონტექსტში მოხსენიებას და ფაქტების მოშველიებით შეძლონ ჩვენი ქვეყნის წარსული, აწმყო და მომავალი ინტერესების დაცვა. დიახ, ყველას უნდა ესმოდეს, რომ:

 

„ყოფილა დავით მეფე-აღმაშენებელი,

ყოფილან ოპიზრები - გასაშტერებელი;

ყოფილა მოდრეკილი, ყოფილა ცურტაველი,

რასაც მოჰყოლია შოთა რუსთაველი...“

 

თაობებმა უნდა იცოდნენ, რომ მრავალი საუკუნის წინ, როდესაც ზოგიერთი, მათ შორის საქართველოზე დიდი და ძლიერი სახელმწიფოს ხსენებაც კი არ იყო და ისინი ჯერ რუკაზეც არ იყვნენ დატანილი, საქართველოში უკვე ფუნქციონირებდა რამდენიმე აკადემია, მათ შორის გელათის და იყალთოს აკადემიები, რომლებშიც გრამატიკა, ფილოსოფია, რიტორიკა, არითმეტიკა, გეომეტრია, მუსიკა და ასტრონომია ისწავლებოდა, ან, თუნდაც, კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლა, იგივე ფაზისის აკადემია, რომელიც დღევანდელ ფოთში მდებარეობდა, ჩვენს კოლხეთში, რომელსაც ხშირად ადრიდნენ ელადას და იგი მეცნიერებისა და ხელოვანების თავშეყრის ადგილად მიიჩნეოდა, შემდეგ კი, ისტორიული წიაღსვლების გამო, მოხდა ისე, რომ:

 

„ჩაშლილა თვალი და ჯაჭვი ჩარღვეულა,

იყალთო დაკეტილა, გელათი დანგრეულა.

ოთხ მეფეს სულ სისხლის ცრემლები უცრემლია,

ოთხივეს საბრალო ლექსები უწერია...“

 

ვალერი ასათიანის ლექციებისა და საუბრის მოსმენა, ან მისი ნაშრომების წაკითხვა, ერთი დიდი სიამოვნებაა, მე ვიტყოდი, ეს არის ნამდვილი ინფორმაციული „ვულკანი“, რომლის ყოველი „ამოფრქვევისას“ მსმენელი ან მკითხველი უამრავ „აღმოჩენას“ აკეთებს და კიდევ მეტის შეცნობის სურვილი უჩნდება. ვალერი ასათიანი, ეს თხემით ტერფამდე ინტელიგენტი პიროვნება, დაჯილდოვებულია გამორჩეული ერუდიციით, დახვეწილი ქართულით, საოცარი ორატორული ნიჭით და, რაც ყველაზე მთავარია, იგი არის მაღალზნეობრიობის საუკეთესო მაგალითი, რაც, ჩემი მოკრძალებული აზრით, განსაკუთრებით სჭირდება დღევანდელ თაობას.

 

ვალერი ასათიანი გახლავთ რამდენიმე ფუნდამენტური ნაშრომის ავტორი, რომლებშიც  საუბარია არა მხოლოდ ზემოხსენებულ საკითხებზე, არამედ მოცემულია ბევრისთვის უცნობი სხვა მასალა. დღეს თქვენს ყურადღებას გავამახვილებ მის ორ წიგნზე, რომელთაგან პირველი - „ბიზანტიური ცივილიზაცია“ - ავტორმა დაღუპული ვაჟის - ნიკას ხსოვნას უძღვნა.

 

წიგნში დეტალურადაა განხილული ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც ამ უძველეს ცივილიზაციას უკავშირდება, მათ შორის  ბიზანტიელი მისიონრების და დიპლომატების მოღვაწეობა, ბიზანტიური სამართალი და ვაჭრობა, ჯვაროსნული ლაშქრობები და იმპერიის აღსასრული, ბიზანტიის იმპერატორები და კონსტანტინოპოლის პატრიარქები და, რაც ჩვენთვის, ქართველებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ. წიგნში იხილავთ პარალელებს ჰომეროსსა და შოთა რუსთაველს შორის, აგრეთვე ინფორმაციას ბიზანტიის კარზე ქართველ მეფეთა მიერ მიღებული ტიტულების შესახებ, დაწყებული ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონებიდან ვიდრე დავით აღმაშენებლამდე, რომელმაც პირველმა განაცხადა უარი ბიზანტიურ საკარისკაცო ტიტულებზე.

 

მეორე წიგნში - „ანტიკური ცივილიზაცია, ბიზანტია და საქართველო“ - განხილულია ქართულ-ბერძნულ სამყაროთა უძველესი ურთიერთობები, ანტიკური მითოლოგიის კვალი ძველ ქართულ მწერლობაში, ქრისტიანობის ელინიზაცია, ჰომეროსი ქართულ მწერლობაში, ბიზანტიურ-ქართული ადრეული ლიტერატურული ურთიერთობები, ქართული მწერლობა XI-XII საუკუნეებში, მათ შორის იოანე, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების, ეფრემ მცირეს, არსენ იყალთოელის და იოანე პეტრიწის მოღვაწეობა; წიგნში განხილულია რუსთაველი და ანტიკურობა, ანტიკურობის გამოძახილი თანამედროვე ქართულ მწერლობაში და ხელოვნებაში, აგრეთვე კლასიკური ნეოგრეცისტიკა საქართველოში და თანამედროვე ბერძნები და საქართველო.

 

სანამ მეცნიერი ამდენს მოგვითხრობდა, მანამ ყველაფერი ასე დაიწყო:

 

1950 წლის 15 ნოემბერს ქ. ქუთაისში დაიბადა სახელოვანი ქართველი მეცნიერი, ფილოლოგი, ბიზანტისტი, პოლიტიკოსი, ასოციაცია „კულტურათა დიალოგი  - XXI-ის“ პრეზიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის პროფესორი,  ალბერტ შვაიცერის მშვიდობის საერთაშორისო მედლისა და ჰომეროსის პრემიის ლაურეატი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ვალერი ასათიანი, რომელიც ერთ დროს საქართველოს კულტურის ერთ-ერთი საუკეთესო მინისტრი იყო.

 

სანამ ამ ფბ-მილოცვას დავასრულებდე, შემოგთავაზებთ ამონარიდს ვალერი ასათიანის ინტერვიუდან: შეკითხვაზე - რა არის ადამიანად ყოფნის სევდა? იგი პასუხობს - ძვირფას ადამიანებთან განშორება. რა არის ყველაზე რთული? - უსამართლობასთან შეგუება. რა არ ასრულდება არასდროს? - აბსოლუტური სამართლიანობა. რას უსურვებდით ადამიანს? - იმედიანად ცხოვრებას, რომელია თქვენი საყვარელი ფრაზა? - DUM SPIRO, SPERO, ანუ „სანამ ვსუნთქავ, ვიმედოვნებ!“

 

და ბოლოს:

 

„ყოფილა ნიკოფსით დარუბანდამდე

გაჭენებული და გამოჭენებული;

რტოებგაშლილი და გამოჩინებული,

ყოფილა ორ ზღვას შუა აღმოცენებული...

ჩემო თვალნათელო, ჩემო ფრთანათელო,

ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო!“

არს და იყოს!!!

  1. ვალერი, გილოცავ დაბადების დღეს. ბედნიერი ვარ და ვამაყობ, რომ მე და მურაზი შენს და თათიას მეგობრებად მივიჩნევთ თავს. იდღეგრძელეთ და იხარეთ თქვენს სანდროსა და მის დიდ ოჯახთან ერთად. ყველანი ძალიან გვიყვარხართ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner