logo_geo
eng_logo
იოსებ არჩვაძე: ექსპორტის მაჩვენებელი ცალსახად ადასტურებს პოზიტიურ ტრენდს საგარეო ვაჭრობაში
- +

15 ნოემბერი. 2021. 12:20

 

 

„2021 წლის ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკაში გრძელდებოდა პოზიტიური ტენდენციები, რომლის თვალსაჩინო გამოხატულებას საგარეო ეკონომიკური აქტიურობისა და საექსპორტო ექსპანსიის გაძლიერება წარმოადგენდა. 2021 წლის ოქტომბერში ექსპორტის მოცულობამ რეკორდულად მაღალი, ექსპორტის თვეების დინამიკის მიხედვით ისტორიული მაქსიმუმი - 411.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა,“ - აღნიშნავს ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე სოციალურ ქსელში.

 

ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში, რომელიც საგარეო ვაჭრობის ექსპრეს - მონაცემს შეეხება, ექსპერტი წერს, რომ ოქტომბრის ექსპორტმა გადააჭარბა: გასული წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელს - 31.4 პროცენტით, 2019 წლის ოქტომბრის მაჩვენებელს - 28.6 პროცენტით, ხოლო მიმდინარე, 2021 წლის იანვარ-სექტემბრის საშუალო თვიურ მაჩვენებელს - 24.0 პროცენტით. საშუალო სადღეღამისო ექსპორტი 2021 წლის ოქტომბერში აღემატებოდა: წინა წლის ოქტომბრის მაჩვენებელს - 3.2 მლნ. აშშ დოლარით, პანდემიამდელი, 2019 წლის ოქტომბრისას - 3.0 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელს - 2.6 მლნ. აშშ დოლარით. იოსებ არჩვაძის ინფორმაციით, მთლიანად, წლის დასაწყისიდან საქართველოს ექსპორტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან გაიზარდა 24.9 პროცენტით და თითქმის 3.4 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა. ეს პანდემიამდელი 2019 წლის პირველი ათი თვის მაჩვენებელს 11.0 პროცენტით აღემატება.

 

მისი თქმით, ექსპორტის ასეთი დინამიკა ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

 

„საქართველოდან ყოველი ერთი მილიარდი აშშ დოლარის ექსპორტის განსახორციელებლად 2021 წელს სჭირდება მხოლოდ 81 დღე, რაც 15 დღით ნაკლებია 2019 წელთან და 73 დღით ნაკლები - 2012 წელთან შედარებით. ექსპორტის პარალელურად, იზრდება იმპორტის მოცულობაც. ოქტომბერში მან 904.0 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა წლის ოქტომბრის მაჩვენებელს 24.0 პროცენტით, ხოლო მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის საშუალო თვიურ მაჩვენებელს 17.2 პროცენტით აღემატება. ამასთან, იმპორტის მოცულობა 2.2 პროცენტით ჩამორჩა კრიზისამდელი, 2019 ოქტომბრის დონეს (2019 წ. ოქტომბრის იმპორტი - 924.4 მლნ. აშშ დოლარი), რაც ნამდვილად არ უნდა ჩაითვალოს ერთმნიშვნელოვნად უარყოფით მოვლენად. საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2021 წლის ოქტომბერში 1315.1 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო მთლიანად წლის დასაწყისიდან - 11.4 მლრდ. აშშ დოლარს, რაც წინა წლის მაჩვენებლებს აღემატება, შესაბამისად, 26.2 პროცენტით და 23.0 პროცენტით, ამასთან, 2021 წლის იანვარ-ოქტომბრის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 5.3 პროცენტით უსწრებს პანდემიამდელი, 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს,“ - მიაჩნია იოსებ არჩვაძეს.

 

ეკონომიკის ექსპერტის შეფასებით, თანდათან უმჯობესდება ექსპორტით იმპორტის გადაფარვის მაჩვენებელიც, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში 45.5 პროცენტი, ხოლო მთლიანად წლის დასაწყისიდან 42.6 პროცენტი შეადგინა - გასული წლის მაჩვენებლებზე, შესაბამისად, 1.2 პუნქტით და 0.5 პუნქტით მეტი (2020 წელს, შესაბამისად, 44.3% და 42.1%).

 

„აღნიშნული მონაცემები ცალსახად ადასტურებენ პოზიტიურ ტრენდს საგარეო ვაჭრობაში, რაც დასტურდება არა მარტო ექსპორტის ორნიშნა ზრდით, არამედ იმითაც, რომ მისი მატების ტემპი ორჯერ და მეტად უსწრებს ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ასევე საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს. იმის გათვალისწინებით კი, რომ ექსპორტში დაახლოებით ¾ ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტს უჭირავს, შეიძლება თამამად დავასკვნათ, რომ საქართველო, დიდწილად ბიზნესის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების რეალიზაციის წყალობით, წარმატებით ახორციელებს საგარეო სავაჭრო ექსპანსიას და მსოფლიო ბაზარზე მყარად დამკვიდრების სტრატეგიულ ამოცანას,“ - წერს იოსებ არჩვაძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner