„რიგის სამიტზე უკრაინასთან ერთად საქართველოს მიწვევა იმ ხელშესახები პროგრესის კიდევ ერთი აღიარებაა, რომელიც საქართველოსა და უკრაინას, როგორც ასპირანტ ქვეყნებს ნატოში ინტეგრაციის გზაზე გააჩნიათ“ - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბრიუსელში, ჟურნალისტებისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა.
მინისტრის თქმით, მანამდე, კერძოდ, 2018 წელს, ნატო-ს ბრიუსელის სამიტზე საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა მოკავშირეთა შეხვედრაში სახელმწიფო მეთაურების და მთავრობის დონეზე, რომელიც ნატო-საქართველო-უკრაინის ფორმატში გაიმართა. ამის შემდგომ, საქართველო და უკრაინა სხვა მინისტერიალებზეც მიიწვიეს ერთობლივად.
„რაც შეეხება დეკემბერში საქართველოს მინისტრიალზე მიწვევას, ეს არის ძალიან პოზიტიური და სერიოზული გზავნილი ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხრიდან“ - აღნიშნა ზალკალიანმა. მან იმედი გამოთქვა, რომ რიგის მინისტერიალზე მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაუჭერენ მხარს საქართველოს ინიციატივებს, მათ შორის, არსებით ღონისძიებათა განახლებულ პაკეტს, შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში ნატო-საქართველოს თანამშრომლობასა და სხვა პრაქტიკული ინსტრუმენტების გაძლიერებას.
ვიცე-პრემიერის თქმით, ურთიერთქმედების ის მტკიცე მექანიზმები, რომლებიც ნატო-სა და საქართველოს შორის არსებობს, ქვეყანას საბოლოო მიზანთან - ალიანსის წევრობასთან მიიყვანს.