logo_geo
eng_logo
შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 პირის გარდაცვალების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო
- +

15 ნოემბერი. 2021. 19:45

 

 

 

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 2020 წლის 23 აგვისტოს შატილის გზაზე მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად 17 პირის გარდაცვალების და მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე ბრალდებულები, ტურისტული კომპანიის დირექტორი და მიკროავტობუსის მესაკუთრე დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

 

„პროკურატურის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 23 აგვისტოს ტურისტული სააგენტოს – შპს „ჩიფ თრეველ ჯორჯიას“ მიერ ორგანიზებული ტურისტული მარშრუტით, შატილიდან თბილისში დაბრუნებისას, სატრანსპორტო საშუალების გაუმართაობის მიზეზით, მიკროავტობუსი შატილის გზაზე 60 მეტრის სიღრმის ხევში ჩავარდა, რის შედეგადაც 17 პირი გარდაიცვალა, მათ შორის მიკროავტობუსის მძღოლი, ხოლო სამმა მოქალაქემ სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო.

 

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2020 წლის 23 თებერვალს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 277-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

 

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მიკროავტობუსის მესაკუთრე სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში (ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვება, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია) და სასჯელის სახედ და ზომად შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

 

ტურისტული კომპანიის დირექტორი სასამართლოს მიერ დამნაშავედ იქნა ცნობილი 220′ მუხლის მეორე ნაწილით (გულგრილობა, სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია) და სასჯელის სახედ და ზომად სამი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა“,- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner