logo_geo
eng_logo
სომხეთი აზერბაიჯანს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაში ადანაშაულებს
- +

15 ნოემბერი. 2021. 19:59

 

 

ერევანში, სომხეთის პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ 14 ნოემბერს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დანაყოფები, სამხედრო ტექნიკის გამოყენებით სომხეთის ტერიტორიის აღმოსავლეთ სასაზღვრო ზონაში შეიჭრნენ და სომხეთის შეიარაღებული ძალების ოთხი საბრძოლო პოზიციის ბლოკირება მოახდინეს.

 

როგორც აღინიშნა, ინციდენტის შემდეგ გამართული მოლაპრაკებების შედეგად, აზერბაიჯანის სამხედრო ნაწილებმა და ტექნიკამ დაკავებული ტერიტორია დატოვეს, ზემოაღნიშნული საბრძოლო პოზიციებიდან გაყვანილ იქნა სომხეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფებიც.

 

სომხეთის უშიშროების საბჭომ რუსეთის ფედერაციას, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას და საერთაშორისო საზოგადოებას ინციდენტის მიმართ ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდა და ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანის ქმედებები ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და რეგიონის უსაფრთხოების, სტაბილურობის წინააღმდეგ იყო მიმართული.

 

უშიშროების საბჭომ ხაზი გაუსვა სომხეთ-აზაერბაიჯანის სასაზღვრო ზონაში არსებული დაძაბული ვითარების მშვიდობიანი გზებით მოგვარების აუცილებლობას, რაც გულისხმობს საბჭოთა სომხეთის და საბჭოთა აზერბაიჯანის დე-იურე სასაზღვრო ზონიდან შეიარაღებული ძალების გაყვნას, საზღვრის დემარკაციის და დელიმიტაციის პროცესის დაწყებას.

 

აღსანიშნავია, რომ გასულ დღეს განვითარებული მოვლენების გამო, სომხეთის პრემიერმა ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, არშაკ კარაპეტიანის თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო. მის ადგილას სურენ პაპაკიანი დაინიშნა.

 

სომხეთის უშიშროების საბჭოს განცხადებას გამოეხმაურა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ლეილა აბდულაევა და საზღვარზე არსებულ დაძაბულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დააკისრა. აბდულაევას განცხადებით, აზერბაიჯანელი სამხედროები სამსახურებრივ მოვალეობას ახორციელებენ ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიაზე და შესაბამისი ზომები სომხეთის მიერ ბოლო დროს განხორციელებული პროვაკაციების საპასუხოდ იქნა მიღებული.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner