გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო იწყებს თემატურ მოკვლევას „გენდერული თანასწორობის საკითხების მეინსტრიმინგი სამთავრობო პოლიტიკაში“. აღნიშნული გადაწყვეტილება საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
მოკვლევის მიზანია სამთავრობო პოლიტიკის დოკუმენტებში გენდერული მეინსტრიმინგის/ გენდერული თანასწორობის საკითხების ინტეგრირების შესწავლა, რათა ხელი შეეწყოს გენდერულად მგრძნობიარე სამთავრობო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას.
თემატური ჯგუფის მთავარი მომხსენებელია მარიამ ლაშხი, ხოლო ჯგუფის წევრები არიან ნინო წილოსანი, ნინო იობაშვილი, ხათუნა კვიციანი, მიხეილ სარჯველაძე და ანა ნაცვლიშვილი.
სხდომაზე, საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა წარადგინა თემატური მოკვლევების „სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობა“ და „პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ მონიტორინგის ანგარიშები.
„პარლამენტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი პირველად განხორციელდა გენდერული საბჭოს მიერ ორ თემატურ მოკვლევაზე და საინტერესო მიგნებები გვქონდა. შესრულების ხარისხი მერყეობდა 20%-დან 50%-მდე. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინსიტროს აქტიურობა და ასევე, რამდენიმე სამაგალითო მუნიციპალიტეტი, რომლთაც ჩვენს მიერ გაცემული რეკომენდაციების თითქმის 70%-80% შეასრულეს. განსაკუთრებული ჩავარდნა იყო ქალებისთვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის რეკომენდაციების შესრულებაში, რაზეც დამატებით აუცილებლად გვექნება კომუნიკაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
გენდერული თანასწორობის საბჭო, ასევე, მოისმინა თემატური მოკვლევის „ქალთა უფლებები არაფორმალურ ეკონომიკაში და Covid 19-ის გავლენა მათზე” ანგარიში.
თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარი მომხსენებლის, მთავარი მომხსენებლის, ხატია წილოსანის განცხადებით, მთავარი მიგნება რაც გამოიკვეთა თემატურ მოკვლევაში არის ის, რომ უნდა გაჩნდეს სათანადო მექანიზმები, როგორც დამსაქმებლისთვის, ისე დასაქმებულისთვის, რომ არაფორმალური ეკონომიკიდან მოხდეს მათი გადასვლა ფორმალურ ეკონომიკაში, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს, როგორც საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესებას, ასევე საგადსახადო მიმართულებით გარკვეული შეღავათების დაწესებას.
მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია საინფორმაციო კამპანიის წარმოება, რომ ინფორმირებული გადაწყვეტილება იქნას მიღებული როგორც დამსაქმებლებთან, ასევე დასაქმებულებთან მიმართებაში.
„თემატური მოკვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ფორმალურ დასაქმებაში ჩართვით დამსაქმებელს შესაძლოა გაუჩნდეს მეტი შესაძლებლობა მოიზიდოს უფრო მაღალკვალიფიციური კადრები, რაც მათთვის პრიორიტეტია, ხოლო დასაქმებულისთვის ჩნდება შესაძლებლობა ისარგებლოს როგორც დეკრეტული შვებულების ანაზღაურებით, ასევე დროში გაწერილი სამუშაო აღწერილობების არსებობით და ჩაერთოს საპენსიო სქემებში“, - აღნიშნა ხატია წილოსანმა.