საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა, ონლაინ შეხვედრა გამართა არგენტინელ სენატორთან, ლუსილა კრექსელთან.
საქართველო-არგენტინის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ყველა ძირითად მიმართულებებზე და ამ კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
გიორგი ხელაშვილმა შეხვედრისას, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვაზე, ეკონომიკური და ბიზნეს ჯგუფების ხელშეწყობაზე, რათა მათ მოახდინონ ურთიერთგაცვლა ისეთ სფეროებში, როგორიც არის ტურიზმი, ენერგეტიკა, ღვინის წარმოება და ა.შ.
საუბარი ასევე შეეხო გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის საკითხებს, მზისა და ქარის ენერგიას და ამ კუთხით, არგენტინის მხრიდან გამოცდილების გაზიარებას.
შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა საპარლამენტაშორისო ურთიერთობების გაძლიერებაზე.
„არგენტინელი სენატორი დაინტერესდა საქართველოს პარლამენტში გატარებული რეფორმებით ღია მმართველობის მიმართულებით, ასევე, პარლამენტში განხორციელებული ციფრული რეფორმებით. ლუსილა კრექსელი განსაკუთრებით დაინტერესდა, საპრეზიდენტო მმართველობიდან საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის ქართული გამოცდილებით და საკონსტიტუციო რეფორმებით, რაც ძალიან საყურადღებოა, რადგან მთელ რეგიონში და მათ შორის არგენტინაში, არის საპრეზიდენტო სისტემები”, - განაცხადა არგენტინასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, გიორგი ხელაშვილმა.
ორი ქვეყნის ურთიერთმეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელებმა საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხები მიმოიხილეს. ყურდღება გამახვილდა, ნატო-სთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობაზე.
შეხვედრის ბოლოს მხარეებმა მიწვევები გაცვალეს.