„სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მისი ჯანმრთელობა არის დაცული, ის არის უსაფრთხოდ და წერტილი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა , დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ ამოცანაა ქვეყანაში არეულობის მოწყობა.
„ნიკა მელიას პოზიცია ნახა დღეს საზოგადოებამ, როდესაც ის ესაუბრებოდა გვერდით მყოფ უგულავას და ეუბნებოდა, რომ მოძრაობაში უფრო ბევრი გამოჩნდებოდნენ. ეს არის მათი სახე. ეს არის დიდი სცენარის ერთ-ერთი ეპიზოდი.
არავის ახსოვს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაჟღერებული პოზიცია და სიტყვა შესრულებულიყო. „ნაციონალური მოძრაობა“ თავის მოთხოვნებთან ერთად აბსოლუტურად სხვა მხარეს დგას და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა სწორ მხარეს დგას. ამას ის ადასტურებს, რომ დღეს საღამოს ნიკანორ მელიამ დააანონსა, ხვალინდელ აქციას ავტომობილებით გამართავენ. როდესაც ამბობენ, რომ „სიარულში მეტი გამოჩნდებიან“, თუ დაწვებიან და გამზირებზე ლეიბებს გაშლიან, უფრო ბევრი გამოჩნდებიან.
ისინი ხედავენ, რომ ეს ყველაფერი ძალიან კომიკურ სახეს იღებს, ადამიანები დღითიდღე აკლდებათ და ახლა მოინდომეს, რომ მანქანების აქცია მოაწყონ. სადმე გაგიგიათ საპროტესტო მძლავრი აქცია, სადაც ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა იყოს იმ აზრზე, რომ უნდა მიყვებოდეს ამ პროტესტს და ამის ფონზე მანქანებით აპროტესტებდნენ რამეს? თუნდაც ერთი მაგალითი დამისახელეთ, სადაც ავტომობილები აწყობენ აქციას. თითო ადამიანი ჩაჯდება ავტომობილში და ამით შექმნიამ ფონს, თითქოს რაღაც მასშტაბური პროტესტია“, - განაცხადა ღუდუშაურმა.