,,თუ ისე კარგად არის, რომ სასამართლოსი მივა და თან ისე ცუდად არის, რომ სადღაც უნდა გადაიყვანონ, რადგან ციხის საავადმყოფოში მისი მკურნალობა შეუძლებელია. ანუ ორივე ერთად ვერ იქნება, რაღაცაზე უნდა შევთანხმდეთ და ჩამოვყალიბდეთ’’, - ასე პასუხობს ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ჟურნალისტების შეკითხვას მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრებასთან დაკავშირებით.
როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, სააკაშვილს აქვს შესაძლებლობა დისტანციური მონაწილეობა მიიღოს სასამართლო პროცესში.
მისივე თქმით, თუ ის ისე ცუდად არის და კერძო კლინიკაში საჭიროებს გადაყვანას, მაშინ სასამართლო არ არის მულტიფუნქციური სამედიცინო დაწესებულება.
,,პირველი - სასამართლო პროცესზე მისი დისტანციური მონაწილეობა უზრუნველყოფილია და ამაზე უარს აცხადებენ თავად დაცვის მხარის წარმომადგენლები, ანუ ბრალდებული სააკაშვილი და მისი ადვოკატები. მეორე - თუ ითხოვენ საავადმყოფოში მის გადაყვანას, ის არის საავადმყოფოში, რომელიც არის მულტიფუნქციური და ყველა შესაძლებლობა და საშუალება აქვს, მისი საჭიროებებიდან გამომდინარე, უმკურნალოს ნებისმიერ სიტუაციაში“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, თუ საუბარი არის რისკებზე და მის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მაშინ რისკები რატომ არ არის სასამართლო პროცესზე გადაყვანის დროს.
,,თუ რისკებზეა საუბარი, ელემენტარულ რისკებზე, სასამართლოში რატომ არ არის ეს რისკები, სასამართლო მულტიფუნქციურია? სასამართლოში რაღაცა შესაბამისი სამედიცინო სერვისი უფრო ადვილია, ვიდრე ციხის საავადმყოფოში, თუ როგორ არის? რაღაცაზე უნდა შევჯერდეთ.’’ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.