ჯანდაცვის სამინისტროში მედიკამენტების ფასის რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის შემდეგ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულმა დირექტორმა, სილვიუ დომენტემ განმარტა, რომ ჯანმოს მიერ ჩატარებული ფინანსური ანალიზის მიხედვით, მოსახლეობის ჯიბიდან გადახდების 70% სწორედ მედიკამენტებზე მოდის.
„მედიკამენტების ფასები ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში და გლობალურად. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ფინანსური ანალიზი გააკეთა, რომელმაც აჩვენა, რომ მოსახლეობის ჯიბიდან გადახდების ძალიან დიდი ნაწილი სწორედ მედიკამენტებზე მოდის. ასევე შევისწავლეთ მედიკამენტების შესყიდვისა და მომარაგების ნაწილი. მედიკამენტების ფასის რეგულირება, პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა, საკანონმდებლო ცვლილებებს მოითხოვს. აქედან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტროსა და პარლამენტს ჯანდაცვის კომიტეტთან ერთად, მოსამზადებელი სამუშაოები დავიწყეთ, რაც ფასისა და ხარისხის დარეგულირებას ისახავს მიზნად და თანხვედრაშია ევროპის კანონმდებლობასთან“, - აღნიშნა ჯანმო-ს რეგიონულმა დირექტორმა.
სამინისტროში გამართულ შეხვედრას სამინისტროსა და რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები, კონკურენციის სააგენტოს, პარლამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.