მსოფლიო რაგბის ვიცე-პრეზიდენტმა, ბერნარდ ლაპორტმა, რომელიც ამავდროულად საფრანგეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტიცაა და, წლების განმავლობაში, საფრანგეთის სპორტის მინისტრის პოსტს იკავებდა, ბორჯღალოსნებს კარგი თამაშისთვის, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტ იოსებ ტყემალაძეს კი ამბიციური გეგმებისთვის, მადლობა გადაუხადა, - ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.
„დიდი მადლობა ქართველებს ასეთი კარგი თამაშისა და ძლიერი წინააღმდეგობისთვის. მათი თამაში ერთი სიტყვით ფასდება – ბრავო! ასევე, მადლობა პრეზიდენტ იოსებ ტყემალაძეს ამბიციური გეგმების წარმოდგენისთვის – რაგბის მასობრიობის გაზრდით და ბავშვთა რაგბის განვითარებიდან დაწყებული, სანაკრებო დონით დასრულებული. მე ვამბობ, რომ რაგბი მხოლოდ 10 ქვეყნის თამაში არ არის და საქართველო ამის დასტურია“, - განაცხადა ბორდოში, „ლე ბლესა“ და ბორჯღალოსნების თამაშის დასრულების შემდეგ გამართულ მიღებაზე ლაპორტმა.
14 ნოემბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთს შეხვდა. დაპირისპირება ფრანგების უპირატესობით, ანგარიშით 41 - 15 დასრულდა.