logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: რატომ უნდა ყოფილიყო ადამიანი სამოქალაქო საავადმყოფოში, რომელსაც ციხეში ყოფნა ეკუთვნის
- +

16 ნოემბერი. 2021. 14:40

 

 

„ორ კვირაზე მეტია ითხოვენ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, რომ გავიხედოთ უკან, არავითარი ამის საჭიროება არ არსებობდა, ყველა მაჩვენებელი არის წესრიგში და რატომ უნდა ყოფილიყო ადამიანი სამოქალაქო საავადმყოფოში, რომელსაც ციხეში ყოფნა ეკუთვნის“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„ისინი (ოპოზიცია) ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს ჩვენი მხრიდან არის რაღაც ახირება მისი სამოქალაქო კლინიკაში არ გადაყვანა. სინამდვილეში ხდება რა - წარმოიდგინეთ, ორ კვირაზე მეტია ისინი ამ მოთხოვნას აყენებენ, სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნას და თქვენ ხედავთ, რომ ამ ორი კვირის განმავლობაში არავითარი ამის აუცილებლობა არ არსებობდა. რატომ უნდა ყოფილიყო სააკაშვილი ეს ორი კვირა და მეტი სამოქალაქო საავადმყოფოში არის გაუგებარი და კიდევ, თქვენ წარმოიდგინეთ ამ ორი კვირის განმავლობაში რა იქნებოდა სამოქალაქო საავადმყოფოში და სამოქალაქო საავადმყოფოსთან - ადამიანი რომელიც უნდა იყოს ციხეში იქნებოდა ციხის გარეთ, გაუგებარი მიზეზით და მუდმივი რისკი. ასევე საჭირო იქნებოდა სამართალდამცავი ორგანოების მობილიზაცია, მაშინ როდესაც შეიძლება რომ პროცესი სხვანაირად განვითარდეს. ეს ყველაფერი არის ერთადერთი მიზნით გამოცხადებული, მიზანი არის ის, რომ რამენაირად გაიყვანონ სააკაშვილი ციხიდან. ეს არის დღესავით ნათელი და ბუნებრივია, ამ ახირებას ჩვენ ვერ გავყვებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.

 

6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა.

 

მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

 

სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა.

 

მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შესაწყვეტად გარკვეულ პირობებს აყენებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner