საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა სტეფანწმინდაში, მოსახლეობასთან შეხვედრისას 2012 წლის არჩევნების შემდეგ განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და მათ შორის სოფლის მეურნეობაში განხორციელებულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება.
„დიდი გრძნობაა, როდესაც საქართველოს ციხესიმაგრეში იმყოფები ჩრთილოეთის კარიბჭეში, რომელიც ყოველთვის იყო ჩვენი სიამაყე და ყოველთვის იყო საქართველოს დამცავი, განსაკუთრებით გმირული სულის მატარებელი. ამაყი ვარ, რომ დღეს თქვენთან ვარ და გესაუბრებით იმაზე, როგორ ვიცხოვროთ მომავალი ოთხი წელი ერთად. ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი გავიარეთ 2012 წლიდან მოყოლებული.
დღეს უპრეცედენტო ყურადღება ექცევა სოფლის მეურნეობის სფეროს. არის უამრავი სახელმწიფო პროგრამა, რომლითაც სოფლის მეურნეობაში ჩართულ ადამიანს შეუძლია ისარგებლოს, ეს არის მცირემიწიან ფერმერთათვის დახმარება, ეს არის გრძელვადიანი შეღავათიანი სესხები, ასევე მრავალწლიანი ნარგავების გაშენების პროგრამა და ა.შ.
ჩვენ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მეტი ყურადღება მივაქციეთ ადგილობრივ წარმოებას, პროგრამა - „აწარმოე საქართველოში" არის ის ნაბიჯი, რომელიც ადგილობრივ საწარმოო პოტენციალს განავითარებს. დაწყებულია ეს პროგრამა, უკვე ასობით მეწარმემ ისარგებლა, ასობით საწარმო იქმნება და ამას თანდათან უფრო იგრძნობს მოსახლეობა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.