logo_geo
eng_logo
„Freedom house“-ის შეფასებით, 2003 წლის შემდეგ, საქართველოში დემოკრატიის დონის საუკეთესო მაჩვენებელი დაფიქსირდა
- +

30 ივლისი. 2016. 16:12



29-ს შორის მე-17 ადგილი გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში - სწორედ ამ პოზიციას იკავებს საქართველო „Freedom house"-ის იმ კვლევაში, რომელიც პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დემოკრატიის დონეს ეხება.


კვლევის მიხედვით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, დადებითი ტენდენციებია გამოკვეთილი სასამართლოს დამოუკიდებლობის მხრივ.


რაც შეეხება კორუფციას, დასკვნის ავტორების აზრით, ამ მხრივ ქვეყანაში 2012 წლის შემდეგ გაუარესება არ შეიმჩნევა.


დემოკრატიის დონესთან დაკავშირებულ ანგარიშში „Freedom House" -მა ფოკუსირება 7 მიმართულებაზე გააკეთა:


1. დემოკრატიული მმართველობა

2. არჩევნები

3. სამოქალაქო საზოგადოება

4. დამოუკიდებელი მედია

5. ადგილობრივი თვითმმართველობის დემოკრატია

6. სამართლებრივი გარემო

7. კორუფცია


პოსტკომუნისტურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დემოკრატიის დონე ამერიკულმა არასამთავრობო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „Freedom House"-მა ახალი ანგარიშით გაზომა.


მოხსენება სახელწოდებით „სახელმწიფოები გარდამავალ პერიოდში" 2015-2016 წლებს მოიცავს და მასში 29 ქვეყანაა შესული. მაჩვენებლის მიხედვით 29 სახელმწიფოდან საქართველო 4.61 მაჩვენებლით, 17-ე ადგილს იკავებს.


საქართველო დემოკრატიულ მმართველობასთან დაკავშირებით ანგარიშში წერია, რომ 2015 წელი, უმეტესწილად, პოლიტიკური სტაბილურობით ხასიათდებოდა.


მოხსენებაში საუბარია ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის გავლენაზე ოპოზიციურ, „ნაციონალურ მოძრაობაში", რომელიც საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემდეგაც, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობს.


მოხსენებაში საუბარია „უკრაინული ვიკილიქსის" მიერ გავრცელებულ სააკაშვილის, ბოკერიასა და გვარამიას სატელეფონო ჩანაწერებზე და ნათქვამია, რომ ეპიზოდმა აჩვენა „ნაციონალური მოძრაობის" განწყობა, შეეცვალა კონსტიტუციური მექანიზმები.


საარჩევნო გარემოზე საუბრისას მოხსენებაში მოყვანილია მარტვილის და საგარეჯოს ადგილობრივი არჩევნები და აღნიშნულია, რომ „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის ირმა ინაშვილის მიერ თამარ ხიდაშელის შედეგებით მანიპულირებაში დადანაშაულების მიუხედავად, დამოუკიდებელი შეფასებებით ძირითადი დარღვევები არ გამოიკვეთა.


სამოქალაქო საზოგადოების მიმართულებით მოხსენებაში ნათქვამია, რომ საერთო ჯამში არასამთავრობო სექტორს საქართველოში ფუნქციონირება შევიწროვებისა და დაშინების გარეშე შეუძლია. ამასთანავე ანგარიშის მიხედვით, არსებობს განცდა, რომ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები კონკრეტულ პარტიებთან, მოძრაობებთან და კერძო პირებთან არიან დაკავშირებული.


ანგარიშის მიხედვით ქართული მედიალანდშაფტი ძლიერი და პლურალისტურია, მედიის თავისუფლება რეგიონში მაღალი დონით ფასდება. აღნიშნულია, რომ განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის ბოლო დროს მედიის თავისუფლება შემცირებული იყო.


„Freedom House" -ის ანგარიში მოიცავს სასამართლო სისტემის მდგომარეობის შეფასებას. მოხსენების თანახმად 2012 წლამდე სასამართლო ხასიათდებოდა მაღალი დონის პოლიტიზირებით, სადაც გამამართლებელი განაჩენი 1% იყო. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, რეფორმის შედეგად გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა და მნიშვნელოვანი ცვლილებები შეეხო საპროცესო შეთანხმების სისტემას, ასევე გაუმჯობესდა სასამართლოს დამოუკიდებლობა.


ანგარიშის თანახმად, 2012 წლამდე ანტიკორუფციული მოქმედება ხშირად ეწინააღმდეგებოდა კანონის უზენაესობის პრინციპს.


„Freedom House"-ის მოხსენებაში დემოკრატიის დონით პირველ ადგილს ესტონეთი, მეორეს სლოვენია, მესამეს კი ლატვია იკავებს, დემოკრატიის მაჩვენებლით სიის ბოლო ადგილებზე რუსეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი არიან.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner