logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: პოლიტიკოსებმა თავი დაანებონ ექიმებს, საშუალება მისცენ მათ, სწორი და სამკურნალოდ ოპტიმალური გარემო შეარჩიონ
- +

17 ნოემბერი. 2021. 13:14

 

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებაში პოლიტიკის ჩარევა, სიტუაციას რევს და არის დაძაბულობა, რამაც პოტენციურად შეიძლება პაციენტის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას.

 

როგორც ჟურნალისტებს სერგეენკომ განუცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსებმა ექიმებს აცალონ პაციენტის მოვლა.

 

„კონსილიუმზე სახალხო დამცველმა განცხადება გააკეთა და ზოგადად, კლინიკურ მედიცინაში ალტერნატიული კონსულტაცია მიღებულია. პრაქტიკულად, ამ კონსულიუმის მონაწილე ექიმებს ყველას ვიცნობ, ისინი ნამდვილად ავტორიტეტული ექიმები არიან. მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთში ექიმები შეჯერდნენ. ვვარაუდობ, რომ მათი დასკვნა იქნება გამოსადეგი და სასარგებლო სასჯელაღსრულების სისტემაში მომუშავე ექიმებისთვის, რათა თუ რაიმე გამოსასწორებელია, გამოსწორდეს და უკეთესი სერვისი გვქონდეს.

 

პაციენტის მოვლაზე კონცენტრირებული უნდა იყოს სამედიცინო პერსონალი, რათა მას საუკეთესო სერვისი ჰქონდეს. არ ვიცი, რა შუაშია, მესამე მხარე და სტრასბურგის სასამართლო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პაციენტის მოვლა პოლიტიკოსებმა ექიმებს აცალონ. შიმშილობის დროს სავარაუდო გართულებებზე, რა ეტაპზე რა შეიძლება მოხდეს, ამაზე არის საერთაშორისო და დეტალური პროტოკოლები, სადაც ყველა პარამეტრია თვლადი. ამ პროტოკოლთან შესაბამისობაში უნდა შემოწმდეს ყველაფერი და თუ რაიმე შეიძლება ადგილზე გამოსწორდეს, უნდა გამოსწორდეს ადგილზე, ხოლო თუ გამოსწორება ადგილზე შეუძლებელია, იზრუნონ იმ პირობებზე, სადაც ეს იქნება“, – განაცხადა სერგეენკომ.

 

დეპუტატის თქმით, იმის მიუხედავად, რომ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა გამოწვეულია პოლიტიკური მიზეზებით, ახლა მთავარია, ექიმებმა მიიღონ სწორი გადაწყვეტილება, სად და როგორ სჯობს მისთვის სამედიცინო სამსახურის გაწევა.

 

„პოლიტიკოსებმა თავი დაანებონ ექიმებს – ხომ შეიძლება სხვა პოლიტიკური საკითხები განიხილონ და ექიმებს საშუალება მისცენ, პაციენტისთვის სწორი და სამკურნალოდ ოპტიმალური გარემო შეარჩიონ. თუ ექიმებს მიეცემათ საშუალება, ობიექტური და ყველასთვის აღქმადი სურათი აჩვენონ, რომ იქ ადეკვატური პირობებია, მაშინ გადაყვანასთან დაკავშირებით კითხვები უნდა გაქრეს. თუ რეალურად აღმოჩნდება, რომ იქ შესაბამისი პირობები არ არის, რა თქმა უნდა, უნდა იზრუნონ გადაყვანაზე. ამ გადაწყვეტილების მიღებაში პოლიტიკის ჩარევა სიტუაციას რევს და არის დაძაბულობა, რამაც პოტენციურად პაციენტის ჯანმრთელობას შეიძლება, საფრთხე შეუქმნას“, – განაცხადა სერგეენკომ.

 

სერგეენკო მიაჩნევს, რომ ექიმების კონსოლიდირებული პოზიცია თუ იქნება, რომ ციხის სამკურნალო დაწესებულებაში პირობები არ არის და მიხეილ სააკაშვილი გადასაყვანია, უნდა იყოს გადაყვანილი.

 

როგორც ჟურნალისტებს სერგეენკომ განუმარტა, კონსოლიდირებული პოზიცია ნიშნავს, რომ სასჯელაღსრულების სისტემისა და სამოქალაქო სექტორის ექიმები ერთად დასხდნენ და გადაწვეტილება ობიექტურ მონაცემებზე დაყრდნობით მიიღონ.

 

„აქამდე ასეთი კონსოლიდირებული პოზიცია არ მინახავს. ვნახულობ ცალკეულს, პირობითად, ადრინდელი კონსილიუმის წევრების ნაწილის, გუშინდელი კონსილიუმის წევრების ნაწილის და ცალკე სასჯელაღსრულების სისტემის ექიმების. გადამწყვეტი უნდა იყოს კონსოლიდირებული პოზიცია და არა პოლიტიკური პოზიცია“, – განაცხადა სერგეენკომ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner